,წინა ხელისუფლებას ასეთი საარჩევნო ცვლილებები რომ გაებედა, ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

ზვიად ძიძიგურ

წინა ხელისუფლებას საარჩევნო კანონმდებლობაში ასეთი ცვლილებები რომ გაებედა, გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ ეს ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა რიგგარეშე სხდომაზე, “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით წარდგენისას განაცხადა.
ძიძიგურის განცხადებით, საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ამომრჩევლებს თანაბარი ხმის უფლება ექნებათ.
“მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს 47 ათას ამომრჩეველზე ვასწორებთ. ის, თუ რამდენად არის ეს ხელისუფლებისათვის მომგებიანი და მასზე მორგებული, ამაზე ვიტყვი, რომ როცა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიის და ლენტეხის ხუთი საარჩევნო ოლქის ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანებას ვახდენთ და გამოთავისუფლებულ მანდატებს თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თელავსა და სხვა თვითმმართველ ქალაქებში ვანაწილებთ, ოპოზიცია ამისთვის ყოველთვის ბედნიერი იქნებოდა. წინა ხელსიუფლებას ეს რომ გაებედა და გაეკეთებინა, მე გამოვიდოდი და ვიტყოდი, რომ თბილისში 22 მაჟორიტარი, ეს არის ძალიან კარგი და ძალინ სწორი, რაც ოპოზიციისთვის კარგი იქნებოდა. თან თუ ამას 50%-იანი ბარიერიც დაემატებოდა, თქვენგან განსხვავებით ვიტყოდი, რომ ეს არის კარგი გადაწყვეტილება და არა არის ხელისუფლებაზე მორგებული ცვლილება”, – განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებებით, 61 მაჟორიტარული ოლქი 10%-იანი გადახრის ფარგლებში ჯდება, ხოლო 12 ოლქი – 10%-დან 15%-მდე გადახრის ფარგლებში.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მეორე მოსნით განხილვა, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას – ცალკეული ოლქების გაერთიანებას და ცალკეული ოლქების დაყოფას გულისხმობს, კამათის ფონზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში გიგა ბუკია და კობა სუბელიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიალევან ვასაძეს ქორწინების 18 წლამდე კანონით აკრძალვა არასწორად მიაჩნია