ტრანსგენდერ ზიზი შეყილაძის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტრანსგენდერი ქალის, ზიზი შეყილაძის მკვლელობის საქმეზე, გიორგი მურჯიკნელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა განზრახ მკვლელობის ფაქტზე და ბრალდებულ გიორგი მ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
საქმის მასალების თანახმად, 2011 წელს გიორგი მ. და გარდაცვლილი პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდიდან იცნობდნენ ერთმანეთს. 2016 წლის 14 ოქტომბერს, ზ.შ-სა და გიორგი მ.-ს შეხვედრისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებს მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება და ბრალდებულმა ზ.შ.-ს აგრესიული ქცევის საპასუხოდ, ბეტონის სამშენებლო ფილა ჩაარტყა თავში და მას სამზარეულოს დანით ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან კიდევ ერთხელ ჩაარტყა ბეტონის ფილა ზ. შ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა განმარტა, რომ დანაშაული უეცარი, ძლიერი, სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა. საქმეში წარმოდგენილ და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ გიორგი მ. დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობაში. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა წარსულში ჩადენილი სხვა დანაშაულის მოუხდელი ნაწილიდან დაემატა 3 წელი და ბრალდებულს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით“, – აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარის თქმა მმართველი გუნდის ერთიანი გადაწყვეტილებაა
შემდეგი სტატია„მომავალ კვირას შეტევა დაიწყება ნიკა გვარამიაზე და მათზე, ვინც შეეცდება რუსთავი 2-ის დაცვას“ – კილაძე