ფიქრია ჩიხრაძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარის თქმა მმართველი გუნდის ერთიანი გადაწყვეტილებაა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ოფიციალური წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა უშედეგოდ. არც ვეტოს დადებამდე და არც შემდეგ პრეზიდენტთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

ფიქრია ჩიხრაძემ შეხვედრების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს ის ოფიციალური წერილები წარუდგინა, რომლითაც პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს წინასწარ კონსულტაციებზე იწვევდა.

„ვეტო პრეზიდენტის უფლებების კონსტიტუციური ნაწილია, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის ასეთი უცნაური დამოკიდებულება. ვეტო არ ემსახურება არავისთან დაპირისპირებას. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტების მიღება ძალიან მოკლე დროში მოხდა. ჩვენი პოზიციაა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მსჯელობას, გავითვალისწინოთ, რაც გასათვალისწინებელია, გავასწოროთ ის ხარვეზები, რომელიც არის, რადგან ეს რეფორმა უმნიშვნელოვანესია ქართული სახელმწიფოსათვის.

ყველა ეს რეკომენდაცია, რომლის თაობაზეც დაიწერა ვეტო, ეფუძნება ვენეციის კომისიის დასკვნებს და ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მათი მხრიდან, რომ ვენეციის კომისიის პოზიციების მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, თურმე არც ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. ასე რომ, ძალიან კომპლექსურია ეს საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია და რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუგებარია მართლაც უმრავლესობის მხრიდან ასეთ თემებზე, ასეთი უცნაური დამოკიდებულება“, – განაცხადა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა.

ფიქრია ჩიხრაძემ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც უპასუხა, რომლებიც პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ.

“თუ ასეთი ფორმატი არ მოსწონთ, მაშინ გვითხრან რაიმე სხვა ტიპის ფორმატი და მზად ვართ მივიღოთ და გავითვალისწინოთ. ამგვარ შეთავაზებაზე თავის დროზე წამოვიდა იუსტიციის სამინისტრო და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ჰქონდა მათთან შეხვედრა. მაგრამ პარლამენტის ხელმძღვანელობამ და უმრავლესობამ, რატომღაც არ ჩათვალა საჭიროდ, არც ვეტოს დადებამდე და არც ვეტოს შემდეგ, რომ კონსულტაციებში მონაწილეობა მიეღო.

პირადადაც მქონდა გუშინ კომუნიკაცია რამდენიმე ადამიანთან, რაღაც უხერხული კომენტარებია, რომ აი რაღაც “არ მცალია”, “ვერ მოვიცლი”, მაგრამ ვიღაც აპირებდა მოსვლას, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ასეთი ერთიანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რაც მე ვფიქრობ პროცესს აზიანებს ძალიან. ჩვენ შეგვეძლო უკეთესი რამ გაგვეკეთებინა, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო და უფრო გაძლიერებული მოსამართლეები მიგვეღო, თუ ამ შენიშვნებს გავითვალისწინებდით”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, იზიარებენ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის შენიშვნები და მათი ლოგიკა ეყრდნობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. პარლამენტმა არსებითად უნდა განიხილოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, ამ შენიშვნების გათვალისწინებით, ე.წ. მესამე ტალღა კანონად აქციოს.

შეხვედრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.

ამავე თემაზე: მდინარაძე: პრეზიდენტი იბარებს ფრაქციის თავმჯდომარეებს, ვიცე-სპიკერებს, ეს პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა

banner
წინა სტატიაშიN16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიის ხელოვნების კურსი დასრულდა
შემდეგი სტატიატრანსგენდერ ზიზი შეყილაძის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა