ტყუილია, თითქოს ანა დოლიძე დარბაზში არ შემოვუშვით – ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ პარლამენტის დარბაზში არ შეუშვეს. მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, სხდომათა დარბაზში ადგილების არარსებობის გამო, ანა დოლიძეს შესთავაზეს, მიქაუტაძის გამოსვლისთვის სხდომათა დარბაზის აივნიდან მოესმინა.

„მოგეხსენებათ, დარბაზი განკუთვნილია პარლამენტის წევრებისთვის, მედიის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. გადანაწილებულია კონკრეტული ადგილები, სად სხედან არასამთავრობოების, სახალხო დამცველისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. შესაბამისად, თუ ვინმე გვთხოვს, რომ ამ ფორმატში დარბაზში დავასწროთ, ეს ადგილები არის განსაზღვრული. თუმცა, ამის მიუხედავად, ინტერესი არის დიდი, თუკი ვინმეს აქვს დასწრების სურვილი და ადგილები არ გვაქვს თავისუფალი, ვთავაზობთ დარბაზში აივანზე დასწრების უფლებას. შესაბამისად, მასაც შევთავაზეთ აქ დასწრების საშუალება. როგორც ჩანს, იუკადრისა მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა. ძალიან უხერხულია საბჭოს წევრის მხრიდან, რომ მოქალაქეებთან დაჯდომას უკადრისობ და არ გაქვს სურვილი, დაესწრო სხდომას.

სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვინმეს დასწრების საშუალებას არ ვაძლევთ, არის ძალიან ცუდი და არასწორი. არ შეიძლება, რომ საზოგადოება, მით უმეტეს, საბჭოს წევრს შეცდომაში შეჰყავდეს. ჩემს სახელზე დასწრების შესახებ განცხადება არ შემოსულა. ძალიან ცუდია, როდესაც ანა დოლიძე ტყუის და ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ეს არის მოკლე ინფორმაცია, რათა კომიტეტისა და პარლამენტის წევრებმა, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმაც იცოდნენ ამის შესახებ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლძემ დღეს განაცხადა, რომ პარლამენტის დარბაზში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, არ შეუშვეს.

banner
წინა სტატიაშითბილისში ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაანა დოლიძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არშეშვება ანრი ოხანაშვილის პირადი პასუხისმგებლობაა – ბესელია