თურნავა – საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაზიფიცირებული ქვეყანაა

region
ავტ.: region დეკემბერი 21, 2020 15:22

თურნავა – საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაზიფიცირებული ქვეყანაა

საყოველთაო ინტერნეტიზაცია, გაზიფიცირება და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამების სამომავლო განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას.

მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომლის საპილოტე ეტაპიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება, მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით 1000-მდე დასახლებული პუნქტი შეძლებს, მიიღოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.

2022 წლიდან ასევე სამი წლით გაგრძელდება გაზიფიცირების პროგრამა. ნათია თურნავას თქმით, 2019 – 2024 წლებში, ჯამში, დაახლოებით 600 დასახლებული პუნქტი მიიღებს ბუნებრივ აირს.

„ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაზიფიცირებული ქვეყანაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც მომავალში ასევე გაგრძელდება, თურნავას თქმით, უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციაა. მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა მაღალმთიან სოფლებზე, რომელთა ელექტრიფიკაციაც მიკრო ჰესებისა და მზის პანელების დამონტაჟების მეშვეობით ხორციელდება.

region
ავტ.: region დეკემბერი 21, 2020 15:22