პარლამენტი „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტის განხილვას იწყებს. კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა.

ბიუროს სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, განხილვის პროცესში ჩართვის ინიციატივით გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, პატიმრებს აქვთ მასშტაბური ამნისტიის მოლოდინი და არის კითხვის ნიშნები, რატომ არ არის ეს ამნისტია ისეთივე მასშტაბური, როგორიც იყო 2012 წლის.

„საზოგადოებაში ავტომატურად მიმდინარეობს შედარება ამ ამნისტიის პროექტისა 2012 წლის ამნისტიასთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის დარგობრივად ჩვენი, განათლების კომიტეტის, კომპეტენცია, მოგვიწევს რომ თუნდაც, ჩემი სახით ამ პროცესში ჩავერთოთ. ჩვენ გვახსოვს, რომ პატიმრებში იყო ძალიან დიდი მოლოდინი ამ ამნისტიის. დაგვჭირდება კიდევ უფრო მკაფიო კომუნიკაცია, რაშიც მზად ვარ მეც ჩავერთო. არის კითხვის ნიშნები, რატომ არ არის ეს ამნისტია ისეთივე მასშტაბური, როგორიც იყო 2012 წლის. აქ პასუხი მარტივია. ჩვენ 2012 წელს ციხიდან ვუშვებდით ხალხს, რომელთა უმრავლესობა დამნაშავეც კი არ იყო. მაგრამ ეს ვერაფერს შველის იმ მოლოდინს, რომ ეს ამნისტია გაფართოვდეს. მსჯელობისას ალბათ ჩვენ დაგვჭირდება რომ დავსვათ კითხვა, ხომ არ მივცეთ შეღავათი ასევე იმ ადამიანებს, ვისაც აქვს გრძელვადიანი სასჯელი და არ დავრჩეთ იმ პროექტზე, რომელიც ახლა არის. ამ კითხვას საზოგადოება უკვე სვამს. არის ეს საბოლოო ვერსია თუ ოდნავ მაინც უნდა გაფართოვდეს. 7500 მსჯავრდებული და 2500 ბრლდებული ჰყავს ქვეყანას, რაც პატარა ქვეყნისთვის ბევრია. ამ ამნისტიის პროექტში გვაქვს ის, რაც 2012 წლის ამნსტიაში არ ყოფილა, ეს არის სისხლის სამართლის ჯარიმებზე ამნისტია. ასევე მადლობა იმისთვის, რომ პატიმრების ის სეგმენტი არ დაივიწყეთ, უვადო პატიმრების და არის ამ პროექტში ჩადებული”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითურნავა – საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაზიფიცირებული ქვეყანაა
შემდეგი სტატიაპოლიტიკური პარტია, რომელსაც საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება, არჩევნებისას ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებს