თურნავა: მოიძებნებიან ღირსეული ინვესტორები, რომლებიც პროექტს დააფინანსებენ

ანაკლიის პორტის პროექტი საკმაოდ მიმზიდველია, მათ შორის კომერციულადაც, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ბოლო წლებში საკონტეინერო ტვირთები ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება.

„წელს არის რეკორდული, 40 პროცენტიანი ზრდა კონტეინერების გადაზიდვებში. აქედან გამომდინარე, პროექტის მიმზიდველობა ეჭვქვეშ არ დგას. გარდა ამისა, ეს სტრატეგიული პროექტია და სახელმწიფომ ძალიან ბევრი რამ აიღო თავის თავზე, რომ პროექტი კიდევ უფრო მიმზიდველი და ნაკლებრისკიანი იყოს ინვესტორებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

თურნავა დარწმუნებულია, რომ მოიძებნებიან ღირსეული ინვესტორები, რომლებიც პროექტს დააფინანსებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ მოიძებნებიან ღირსეული ინვესტორები, რომლებიც შეკრავენ ამ პროექტის დაფინანსებას. ჩვენთვის ეს პროექტი არის სტრატეგიული და მას საფრთხე არ ემუქრება. კონსტიტუციით არის ცნობილი, როგორც სტრატეგიული პროექტი. ჩვენ ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერა სხვა პროექტის მიმართ არ გამოგვიხატავს. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ, რომ აღნიშნული პროექტი საფრთხის ქვეშ დგებოდეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს აღორძინების პროექტს იწყებს
შემდეგი სტატიაპოლიტიკური პარტია “გირჩი” შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან “შმაქსის” მძღოლებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს