,,თუ ოქუაშვილმა და ჩუბინიშვილმა ჩაიდინეს დანაშაული პროკურატურამ უნდა დააკისროს სანქციები”

თუ ოქუაშვილმა და ჩუბინიშვილმა ჩაიდინეს დანაშაული პროკურატურამ უნდა დააკისროს სანქციები – ირაკლი კობახიძის გზავნილი პროკურატურას
დღეს, 15:29 194

„რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებულ ახალ ჩანაწერს, სადაც „ომეგა ჯგუფის“ წილებისა და სიგარეტის ბაზრის გადანაწილებაში მთავარ ფიგურანტად ბიძინა ივანიშვილია, მმართველი გუნდი ორი კონკრეტული ბიზნესმენის კერძო საუბრად მოიხსენიებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პროკურატურა სწორედ იმ ორი ბიზნესმენის საქმიანობით უნდა დაინტერესდეს, რომლებიც გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პროკურატურა დაადგენს, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და „თბილისის თამბაქოს“ მეწილე ირაკლი ჩუბინიშვილი ქრთამს იხდიდა ან იღებდა, მათ შესაბამისი სანქციები უნდა დაეკისროთ.

„ვითხოვთ იმას, რომ თუ ოქუაშვილი და ჩუბინაშვილი საუბრობენ დანაშაულზე მათ შორის მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მათ უნდა შეეფარდოთ შესაბამისი სანქცია – ესაა ჩვენი მოთხოვნა. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ამ ჩანაწერებით ახდენენ პარტიის დისკრედიტაციას.

„თუ მათ ჩაიდინეს დანაშაული მაგალითად ქრთამს იხდიდნენ ან ქრთამს იღებდნენ ეს არის დანაშაული და საჭიროებს სანქციის შეფარდებას.

„დიახ, ეს არის გზავნილი პროკურატურისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ არის ჩადენილი დანაშაული, პროკურატურამ უნდა შეუფარდოს სანქცია, ეს არის გზავნილი პროკურატურისთვის,“- ამბობს კობახიძე.

რაც შეეხება ჩანაწერებში ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების მოხსენიებას, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლასთან კავშირი არ აქვს და ოპონენტების განცხადებები წინასაარჩევნოდ აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობაა.

„გასაგებია რომ არის საარჩევნო სიტუაცია ამ არჩევნების დროს სურთ ჩვენს ოპონენტებს ხელოვნურად აჟიოტაჟის შექმნა, ამიტომ ვრცელდება ორი გაუგებარი ადამიანის ჩანაწერი მუდმივად, სადაც ისინი საუბრობენ „ქართულ ოცნებაზე“, პარტიაზე, ბიძინა ივანიშვილზე და ა.შ. – ეს ვერ გახდება აჟიოტაჟის საფუძველი. ხელოვნური მცდელობები იქნება არჩევნების გამო, თუმცა როცა ორი გაუგებარი ადამიანი საუბრობს რაღაცა გაუგებარ თემაზე, ეს ვერ იქნება ჩვენთვის აჟიოტაჟის საფუძველი,“-ამბობს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიმინიმალური ფსონი 1000 ლარია – ,,გირჩი” ,,ნაციონალებს” ჰანდიკაპს სთავაზობს
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები პრობლემურს უწოდებს