თუ ის კამპანია FSB-ს ეკუთვნის, გამოდის, გიგაური, ლომჯარია, მარგველაშვილი და უსუფაშვილი FSB-ს საქმიანობასთან არიან დაკავშირებული – კობახიძე დეგნანის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას გულისხმობდა კონკრეტულად საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, როდესაც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩათრევას არ ცდილობს და მსგავსი განცხადებები პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის(FSB)დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკრეტულ ინფორმაციას ეფუძნება ის საუბრები, რაც ომის რისკებთან არის დაკავშირებული.

„არ ვიცი კონკრეტულად რა იგულისხმებოდა, მაგრამ რაც შეეხება FSB-ს, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რა წერია სახელმძღვანელოებში. რაც შეეხება ომთან დაკავშირებულ რისკებს, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ, აქ ძალიან კონკრეტულ რამეს ვგულისხმობთ, რაზეც ბოლომდე ბუნებრივია, საჯაროდ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ როდესაც საუბარია ომის რისკებზე, რაც არ არის ბოლომდე განეიტრალებული, ჯერ კიდევ აქტუალურია, ძალიან კონკრეტულ რამეს ვგულისხმობთ.

რაც შეეხება თავად FSB-ს და კამპანიას, თუ ის კამპანია FSB-ს ეკუთვნის, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მაგალითად, გიგაური, ლომჯარია, მარგველაშვილი, უსუფაშვილი და ა.შ. ის ადამიანები, რომლებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული, ასევე არიან დაკავშირებული FSB-ს საქმიანობასთან, შეუძლია ყველამ მოიკითხოს.

პარტიიდან არ გავალ დღეს, რომ რაღაცები ვილაპარაკო, მაგრამ ძალიან კონკრეტულ ინფორმაციას ეფუძნება ის საუბრები, რაც ომის რისკებთან არის დაკავშირებული. ზოგადად შემიძლია გითხრათ ეს რისკები, ამაში არაფერი აბსტრაქტული არ არის“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში.

„მსურს ვუპასუხო არასერიოზულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის(FSB)დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, გარკვევით განვაცხადო, შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. შეერთებულ შტატებს არ სურს ამ ომის გავრცელება არსად, შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად შესაჩერებლად“,-განაცხადა დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის პირობების შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა სასესიო მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს
შემდეგი სტატიაპროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა