,, თქვენი ტაქტიკა თუ სასამართლოსა და მოსამართლის შეურაცხყოფაზეა აგებული, ეს მცდარი ტაქტიკაა”

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ჭანტურიას ადვოკატების დამტებითი შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

ადვოკატებმა საქმის სამი მოწმის – თედორაძის, რეხვიაშვილისა და ჩადუნელის ჩვენებების გადამოწმების მიზნით, 15 იანვარს, საღამოს, სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე, მათი გადაადგილებისა და სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაწერის და თედორაძის მიერ იმ პერიოდში, როდესაც სავარაუდოდ მკვლელობა მოხდა, ბარში ნაყიდი ლუდის შეძენის ჩეკის ამოღება მოითხოვეს.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ შუამდგომლობის დაყენებისას მოსამართლე ტენდენციურობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათ იმედი არა აქვთ, რომ მოსამართლე ამ შუამდგომლობებს დააკმაყოფილებს.

სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლემ მის მიმართ არაკორექტული გამონათქვამების გამო ადვოკატებს შენიშვნა რამდენჯერმე მისცა.

“თქვენი ტაქტიკა თუ სასამართლოსა და მოსამართლის შეურაცხყოფაზეა აგებული, ეს მცდარი ტაქტიკაა. მესამედ გაძლევთ შენიშვნას”,- მიმართა მოსამართლემ ადვოკატებს.

შეგახსენებთ, რომ გენერალი სამსონ ქუთათელაძე, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს ნახეს მოკლული, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა რვა თვის შემდეგ, რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე მამის სახოვრებელ სახლში 7 აგვისტოს, ღამით ჩატარებული ცხრეკის შემდეგ დააკავეს. სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები იქნა ამოღებული. სისხლის სამართლის საქმე გიორგი ჭანტურიას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტი – ღვარცოფული პროცესების პროგნოზირება, მონიტორინგი, რისკების შეფასება
შემდეგი სტატიაძალები, რომლებიც თავის დროზე მართავდნენ ქვეყანას, ჩვენდა სასირცხვილოდ ცდილობენ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება – ივანიშვილი