თინა ბოკუჩავა : გარკვეული პირი ენმ-ს საარჩევნო კომისიის წევრებს ყალბ მითითებებს აძლევდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში პარტიის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს უცნობი პირი დაუკავშირდა და მათ ყალბ ინსტრუქციებს აძლევდა.

როგორც ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული პირი ენმ-ს წევრებს გიორგი ნოზაძის სახელით გაეცნო და მისცა მითითებები, რომელიც არჩევნების საბოტაჟს, დესტაბილიზაციის და რევოლუციური სცენარის განხორციელებას ითვალისწინებდა.

ნაციონალური მოძრაობა საგამოძიებო უწყებებს საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდებს და გენერალურ პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს.

“გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ტყიბულში, ვანში, გორში, შუახევში, საგარეჯოსა და გურჯაანში, დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც ამბობდა, რომ მას ჰქვია გიორგი ნოზაძე, ტელეფონის ნომრიდან – 551 15 49 73. ის იძლეოდა ყალბ ინსტრუქციებს ნაციონალური მოძრაობის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ, არჩევნების საბოტაჟის, დესტაბილიზაციის და რევოლუციური სცენარის მითითებებით. ეს პიროვნება არის სავარაუდოდ ყალბი იდენტობა, რომელიც შექმნა სუს-მა საარჩევნო პროცესის საბოტაჟირების მიზნით. ჩვენ მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, რომ გამოიძიონ აღნიშნული საკითხი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ტელეფონის ნომერი არა გიორგი ნოზაძეზე, არამედ ვინმე ალუდა ჯანხოთელზეა რეგისტრირებული, რომელიც ცესკო-ს სიაში არ იძებნება.

“ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ტელეფონის ნომერი და ირკვევა, რომ ეს ნომერი არ არის რეგისტრირებული ვინმე გიორგი ნოზაძეზე, ის რეგისტრირებულია ალუდა ჯანხოთელზე, რომლის იდენტობა ასევე არ იძებნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სიაში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თავად ეს ადამიანიც ატარებს ყალბ იდენტობას”, – თქვა მან.

თინა ბოკუჩავა პასუხისმგებლობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აკისრებს და ამბობს, რომ უწყება მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს.

“კარგად გვესმის, რომ ეს სუს-ის პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რომელიც ძალიან კარგად ხედავს, რომ ქართული ოცნება აგებს 31 ოქტომბრის არჩევნებს, ამ არჩევნებს იღებს დღევანდელ ოპოზიციაში მყოფი ძალები და რა თქმა უნდა, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა და ივანიშვილის მთავარი მეტოქე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ ხდება ყალბი დანაშაულებრივი კამპანიის სამიზნე ქართული ოცნების სპეცსამსახურების მხრიდან”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშისაცხოვრებელი ფართები კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა
შემდეგი სტატიაენმ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს, 23 სექტემბერს დაასახელებს