თენგიზ ცერცვაძე – რიგ ქვეყნებში პაციენტებს რომ სახლში მკურნალობენ, ეს კარგი ცხოვრებით სულაც არ არის გამოწვეული, უბრალოდ, იქ რესურსი არ ჰყოფნის პაციენტების რაოდენობას

ჩვენს ზოგიერთ ექსპერტს თუ ოპონენტს მოსწონს, რომ რიგ ქვეყნებში პაციენტები სახლში მკურნალობენ, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.

„ისინი ნიშნის მოგებით ამბობენ, რიგ ქვეყნებში – იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ინგლისში, აშშ-ში და სხვაგან პაციენტებს სახლში მკურნალობენ, ჩვენთან კი ყველას სტაციონარშიო. მაგრამ ისინი რომ სახლში მკურნალობენ, ეს კარგი ცხოვრებით სულაც არ არის გამოწვეული. უბრალოდ, საწოლებით დაწყებული და ექიმებით დამთავრებული, მათი რესურსი არ ჰყოფნის პაციენტების უზარმაზარ რაოდენობას, რომ მათ საავადმყოფოში უმკურნალონ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, სანამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას რესურსი აქვს, სანამ საწოლებიც საკმარისია, სუნთქვის აპარატებიც და ექიმებიც, მანამდე „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ავადმყოფის მართვა მაინც კლინიკის პირობებში ჯობია.

„მიზეზი ორია. ერთი ის, რომ პაციენტი რაც არ უნდა მსუბუქი იყოს, ის შეიძლება, ნებისმიერ მომენტში დამძიმდეს და სპეციფიკური მართვა დასჭირდეს. ამ დაავადების მართვა კი, როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, იოლი არ არის. საშუალო სიმძიმის და მძიმე შემთხვევებში ეს დაავადება გაცილებით მძიმე სამართავია, ვიდრე თავიდან გვეგონა და მეორე, ბინაზე მკურნალობის პირობებში ოჯახის ექიმის ინსტრუქციები რაც არ უნდა კარგად სრულდებოდეს და პაციენტს რა კარგი საყოფაცხოვრებო პირობებიც არ უნდა ჰქონდეს, იქ მაინც მეტი შანსია, პაციენტმა სხვები, ოჯახის წევრები დააინფიციროს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

„ჩვენ ვიღებთ გამოცდილებას და ყოველდღე რაღაცას ვხვეწთ. ყოველდღე რაღაც ცვლილება შედის თითოეულ პროტოკოლში, ყოველდღე იმატებს გამოცდილება, როგორც სასწრაფოს, ისე ოჯახის ექიმის, „კოვიდის“ ცენტრების, სამედიცინო მუშაკების და ა.შ. მე ამიტომ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ გამონაკლისი შემთხვევების მიუხედავად, როცა რაღაც ისე არ გაკეთდა, ან რაღაც დაირღვა, ეს სისტემურ პრობლემას არ შეგვიქმნის. რა თქმა უნდა, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე საჭიროა მყისიერი, ადეკვატური რეაგირება, რათა ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით მთლიანად მართლდება ის პროგნოზები, რომელიც კეთდებოდა.

„ეს პროგნოზები იმაში მდგომარეობდა, რომ შემთხვევების მატება უეჭველად იქნებოდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შიდა გავრცელება დაიწყო და ამას დასაბამი მიეცა მარნეულის შემთხვევიდან, მაგრამ მატება არ იქნებოდა ისე დრამატული, როგორც ევროპის ქვეყნებში; იქნებოდა სულ ორი-სამი ათეული შემთხვევა, ან შეიძლება, ცოტა მეტი, მაგრამ არამც და არამც ასეულები და ათასეულები. საქართველოში ჯერჯერობით არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ 20-ზე მეტი ახალი პაციენტი დაფიქსირებულიყო, რაც დღეს, იმ გარემოში, რაშიც მსოფლიო იმყოფება, მისაღები და ნორმალური შედეგია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, მომდევნო ორი კვირა იყოს ყველაზე დაძაბული.

„სავსებით ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პიკი სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნება. დიახ, იქნება. ალბათ, მატებაც იქნება, მაგრამ ჩემი პროგნოზი ისევ იგივე რჩება, რომ ეს მატება დრამატული არ იქნება. იქნება რამდენიმე ათეული და არა რამდენიმე ასეული, ან ათასეული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: სავსებით ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პიკი სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნება. დიახ, იქნება
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე – თავს არ მივცემ უფლებას, ეკლესიას რჩევები, მითითებები მივცე, მაგრამ ჩემი, როგორც ექიმის პოზიციაა, რომ აუცილებელია, შესრულდეს რეკომენდაციები