თენგიზ ცერცვაძე: სავსებით ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პიკი სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნება. დიახ, იქნება

შესაძლოა, მომდევნო ორი კვირა იყოს ყველაზე დაძაბული ორი კვირა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„სავსებით ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პიკი სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნება. დიახ, იქნება. ალბათ, მატებაც იქნება, მაგრამ ჩემი პროგნოზი ისევ იგივე რჩება, რომ ეს მატება დრამატული არ იქნება. იქნება რამდენიმე ათეული და არა რამდენიმე ასეული, ან ათასეული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა დანაკარგი იქნება საქართველოში პიკის დროს, რა რაოდენობის ავადმყოფები გვეყოლება და რა რაოდენობის გარდაცვლილები.

„ახლა ეს პროპორცია, შედარება საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის, მკვეთრად საქართველოს სასარგებლოდაა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აი, ასეთი პროპორცია შევინარჩუნოთ. ამას ვიმედოვნებ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, ჯერჯერობით პირი არ უჩანს, რომ მსოფლიოში ეპიდემია დაღმავალი გზით წავიდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში, საფრანგეთში ან ინგლისში ინფიცირებულების, ან სიკვდილიანობის რაოდენობის კლების შესახებ ცნობები ჩნდება, მეორე დღეს ქვეყნდება ინფორმაცია კვლავ მომატების შესახებ. ანუ, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ეპიდემია უკან იხევს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ პიკი დაახლოებით ორ კვირაში იქნება, შემდეგ პლატო გაგრძელდება დაახლოებით სამი კვირა და შემდეგ, ეპიდემია მაინც დაღმავალი ტალღით წავა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე – რაც უფრო მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს, პიკს მით უფრო ჩქარა გავივლით, საგანგებო მდგომარეობაც მოიხსნება და ეკონომიკაც გაცოცხლდება
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე – რიგ ქვეყნებში პაციენტებს რომ სახლში მკურნალობენ, ეს კარგი ცხოვრებით სულაც არ არის გამოწვეული, უბრალოდ, იქ რესურსი არ ჰყოფნის პაციენტების რაოდენობას