თენგიზ ცერცვაძე: ერთ-ორ კვირაში სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდი გამოვიყენოთ

შესაძლოა, რამდენიმე დღეში ან ერთ-ორ კვირაში სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდი გამოვიყენოთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ერთ-ერთი, მეთოდი, რაზეც ახლა ვმუშაობთ გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გამოყენებაა. რამდენიმე ადამიანის პლაზმა, ვინც დონორობაზე თანხმობა განაცხადა, უკვე შეგროვილია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ სათქმელადაა იოლი, რომ გამოჯანმრთელებულის პლაზმა ავადმყოფს გადაესხას, თორემ ტექნოლოგიურად ძალიან რთული და ფაქიზი საკითხია.

უპირველეს ყოვლისა, ისეთი დონორი უნდა შეირჩეს, რომელსაც მაღალი კონცენტრაციით დამცავი ანტისხეულები სისხლში აქვს , მეორე – ეს დონორი უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანმრთელი, მესამე – უნდა არსებობდეს სისხლის ჯგუფებს შორის შესაბამისობა…

სწორედ ამ სირთულის გამოა, რომ მთელს მსოფლიოში, ეს თავისთავად ძალიან ეფექტური და იმედისმომცემი მეთოდი ვერსად ჰპოვებს მასობრივ გამოყენებას. ყველა ქვეყანაში მხოლოდ ერთეული ან ათეული შემთხვევაა. ჩვენ ამისთვის ვემზადებით. შესაძლოა, რამდენიმე დღეში ან ერთ-ორ კვირაში ეს მეთოდი გამოვიყენოთ. ჩვენ გვყავს 111 გამოჯანმრთელებული. მათგან მაქსიმუმ 15 პროცენტის პლაზმა გამოდგება სამკურნალოდ,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეკითხვაზე, არის თუ არა დამაიმედებელი ბოლო ხუთი დღის ციფრები და ნიშნავს თუ არა ასეთი ტენდენცია იმას, რომ პიკის პერიოდი შეიძლება, ასეთივე დაბალი, ერთნიშნა მაჩვენებლებით გადავიაროთ, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ამას გარანტირებულად ვერ იტყვის, თუმცა, ბოლო ხუთი დღის დინამიკა იმედის მომცემია.

„გარანტირებულად ვერ ვიტყვი, რომ პიკის პერიოდი შეიძლება, ასეთივე ერთნიშნა მაჩვენებლებით გადავიაროთ, თუმცა ბოლო ხუთი დღის დინამიკა იმედს გვისახავს. ეს ის არის, რასაც გარკვეულწილად, ვიმედოვნებდით, რომ თუ მოსახლეობა იდეალურად არა, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც შეასრულებდა რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, მაშინ შევძლებდით, გათამაშებულიყო ის სცენარი, რაც დღეს თამაშდება. ანუ, დღეში რამდენიმე ათეული ახალი შემთხვევა და არა რამდენიმე ასეული და ათასეული. ამის გარანტია, რომ ამას შევინარჩუნებთ, ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ეს დღეები იმედის მომცემია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებამ მოსახლეობის პროტესტი გაითვალისწინა?!-მკვეთრად შეცვლილი პოზიცია
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: „ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა იმაზე მეტი იყოს ვიდრე ჯანდაცვის სისტემას რესურსი გააჩნია“