თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ხმაურით მიმდინარეობდა

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ხმაურით მიმდინარეობდა. მოკლული ანა ნაცვლიშვილის ახლობლებსა და ოჯახის წევრებში გაღიზიანება გამოიწვია ბრალდებულის ადვოკატის ნაირა ოტიაშვილის შეკითხვამ. ბრალდების მხარე ანა ნაცვლიშვილისთვის მიყენებულ ჭრილობებზე საუბრობდა, რა დროსაც ადვოკატმა ბრალდების მხარეს გაამეორებინა, თუ რამდენი ჭრილობა ჰქონდა მოკლულს მიყენებული, რაზეც დაზარალებული მხარე აღშფოთდა.

მოსამართლემ დამსწრე პირებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა და პროცესი დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

რაც შეეხება საქმის შინაარსობრივ მხარეს, დღეს ბრალდებამ წერილობითი მტკიცებულებები წარადგინა, ასევე დაიკითხა ორი გამომძიებელი.

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 17 :00 საათზე, კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების მოკვლევით განახლდება. როგორ ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განაცხადა, შემდეგ პროცესზე დასაკითხ პირთა სიაში არიან გამომძიებელი და ასევე სატელეფონო კომპანიის თანამშრომელი, რომელიც სატელეფონო ანძების და განხორციელებული ზარების შესახებ მიაწვდის სასამართლოს ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

banner
წინა სტატიაში“ეს რა ფორმაა ჟურნალიზმის, არავინ არაფერს არ აიძულებს”- ზურაბიშვილის ექიმების მიერ გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიააფხაზეთში ტურისტებით სავსე მატარებელი “ოქროს არწივი” ჩავიდა (+ფოტო)