თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა აპირებს, რომ ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს უჩივლოს

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა მამუკა ნაცვლიშვილი აპირებს, რომ ბრალდებულის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს პირადი შეურაცხყოფისთვის უჩივლოს. აღნიშნულის შესახებ მამუკა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე უბრალოდ ველოდები. ჩემს ადვოკატთან გავიარე კონსულტაცია, როცა აღიარებენ, რომ ლადო გრიგალაშვილი დამნაშავეა, უნდა ვუჩივლო ნაირა ოტიაშვილს პირადი შეურაცხყოფისთვის. მიცვალებული სახლში მესვენა, როცა მან განაცხადა, რომ ნახა BMW- ში ვიღაც უცხო მამაკაცთან ინტიმურ კავშირში. ამის გულისთვის უნდა აგოს მან პასუხი”, – განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

თავის მხრივ, მამუკა ნაცვლიშვილის ადვოკატმა მაია ქავთარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ანა ნაცვლიშვილს 33 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ადვოკატის თქმით, საქმეში უკვე არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა.

„სამედიცინო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზით უტყუარად დადგენილია, რომ 14 ნაკვეთ -ნაჩხვლეტი ჭრილობა ნამდვილად მიყენებულია სწორედ იმ დანით, რომელიც ამოღებულია და საქმეზე ნივთმტკიცებადაა ცნობილი.

გრიგალაშვილის დამცველმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა, რომ კერძო ექსპერტიზის ბიუროში შპს „ვექტორში” დანიშნული ექსპერტიზის დასკვნით აბსოლუტურად გააბათილებს ბრალდების მიერ წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებას. მე არ ვიცი რა დასკვნის მოტანის ილუზია აქვს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერიზის ბიუროს ბრალდების მიერ დადგენილებით დაესვა შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა ანა ნაცვლიშვილის ყელის მიდამოში მიყენებული 14 ჭრილობა, რომელიც უშუალო კავშირშია დამდგარ შედეგთან, მიყენებული იყოს სწორედ იმ დანით, რომელიც შემთხვევის ადგილიდან არის ამოღებული? ექსპერტმა გაგვცა ამომწურავი პასუხი: გამორიცხული არ არის, რომ ეს დაზიანებები შესაძლოა მიყენებული იყოს ამ დანით. დაცვამ ამაზე ააგო დიდი იმედები და ამბობს იმას, რომ დასკვნა კატეგორიული არ არის. ექსპერტმა კი პასუხად განაცხადა, რომ კატეგორიული დასკვნის დაწერა არ შეიძლება, როდესაც დანა ქარხნული წარმოებისაა”, – განაცხადა ქავთარაძემ.

ადვოკატის თქმით, შესაძლოა ექსპერტმა დამკვეთის სასურველი დასკვნა გასცეს.

„შესაძლოა დამკვეთის სასურველი დასკვნა გასცეს. თუნდაც ორაზროვანი და არაზუსტი გამონათქვამებით, რაც შემდგომში ძალიან ბევრ მითქმა-მოთქმას გამოიწვევს”, – განაცხადა მაია ქავთარაძემ.

მისივე თქმით, კერძო საექსპერტო ბიურო შპს “ვექტორი” ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძეს ეკუთვნის.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

banner
წინა სტატიაში,,ივანიშვილი თვითონ ხომ ძალიან ნიჭიერია და ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი, რატომ მივაჩნდი ძალიან საჭიროდ და პირად მეგობრად”
შემდეგი სტატია,,რა კანონზე ლაპარაკობთ – სულში რომ გაფურთხებენ და რომ უნდა მოითმინო”