თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – ომბუდსმენი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად მიიჩნევს

პანკისში მოკლული 19 წლის მოზარდის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მიზნით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგში მას შემდეგ უნდა დადგეს, რაც მთავარი პროკურორი საქმის დეტალებთან დაკავშირებით საზოგადოებას და პარლამენტს ინფორმაციას მიაწვდის.

ომბუდსმენის თქმით, თუ გენერალური პროკურორის ანგარიშის წარდგენის შემდეგაც, საქმესთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები დარჩება, უნდა გააქტიურდეს პარლამენტი, როგორც საზედამხედველო ორგანო.

„უახლოეს პერიოდში, პროკურატურამ, გენერალურმა პროკურორმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს, თუ რა ეტაპზე გამოძიება, როდის ფიქრობენ, რომ დაასრულონ, თუ ვერ სრულდება, რა არის მისი ძირითადი მიზეზები და გარკვეული ალბათ, გონივრული ვადის გასვლის შემდეგომ, თუ ჩვენ კიდევ არ გვექნება პასუხები, თუ რა უშლის გამოძიებას ხელს, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ, რომ უკვე ამის შემდგომ პარლამენტმა ნამდვილად უნდა იმსჯელოს ალტერნატიულ საზედამხედველო მექანიზმებზე, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე,“ – განაცხადა ლომჯარიამ.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს. დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც. მალხაზ მაჩალიკაშვილი კანონმდებლებთან შეხვედრას გეგმავდა. მისი თქმით, დეპუტატებისთვის პირადად უნდა ეთხოვა, შეექმნათ საგამოძიებო კომისია. მალხაზ მაჩალიკაშვილი კანონმდებლებს ვერ შეხვდა, ის შეუძლოდ გახდა და პარლამენტის დატოვება მოუწია.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2018 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს და ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლეს, რაც 19 წლის ახალგაზრდამ ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას კი კატეგორიულად უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები.

სპეცრაზმელთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს.

banner
წინა სტატიაში(Video) “აი სადამდე მიიყვანეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი ბო@შვილი ვიყო…” – გოგიჩაიშვილი უმრავლესობას
შემდეგი სტატიაცვლილებები სულ იყო და მომავალშიც იქნება – სერგეენკო სამთავრობო ცვლილებებზე