,,აღარც ნდობა მაქვს და აღარც რაიმეს მოლოდინი”- მალხაზ მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობას აფასებს. შეხვედრას ადგილობრივები, უხუცესები და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ესწრებიან.

შეხვედრამდე თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავარ პროკურორთან შეხვედრიდან 45 დღე გავიდა და ამ დრომდე არავინ შეხმიანებია, თუმცა ირაკლი შოთაძესთან საუბრისას დაპირება მიიღო, რომ ერთ კვირაში საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილს გაეცნობოდა.

“არ აღიარებენ, რომ შეცდომა მოუვიდათ და საქმეს წელავენ. ირაკლი შოთაძე შეხვედრისას დამპირდა, რომ ერთ კვირაში საქმეში არსებულ მტკიცებულებებს გამაცნობდა და მეცოდნებოდა, რა მტკიცებულებებით ხელმძღვანელობენ, თუმცა 45 დღე გავიდა და არავინ შემხმიანებია. პრინციპში, აღარც ნდობა მაქვს და აღარც რაიმეს მოლოდინი. თემირლანი არის დაზარალებული, სპეცრაზმელებს მისამართი შეეშალათ. არ ვაპირებ გაჩერებას, სამართლებრივი გზით სიმართლეს მაინც დავადგენ”, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიმოქმედი მოსამართლე დანაშაულზე საუბრობს – კოჟორიძე ირაკლი შავაძის განცხადებებზე
შემდეგი სტატიაბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე სასწორებს დააყენებენ