თედო ჯაფარიძე ვარშავის სამიტის ექსპერტთა ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ, როგორც სპიკერმა, მონაწილეობა მიიღო ვარშავის სამიტის ექსპერტთა ფორუმის – „ნატო მშვიდობის დაცვისთვის“ ფარგლებში გამართულ პანელში, სახელწოდებით „მშვიდობის დაცვა მსოფლიო მასშტაბით თავისუფლების, სამართლიანობისა და თავდაცვისუნარიანობის ხელშეწყობით“, სადაც ნატოსთან საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობასა და ალიანსში გაწევრიანების პესპექტივებზე ისაუბრეს.
დისკუსიის დროს, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე. „ევრო-ატლანტიკური მისწრაფება, რომელიც საქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან უმოკლეს პერიოდში გაჩნდა, დღეს უფრო მეტად რეალური ხდება, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისა და შავი ზღვის აუზში მისი გაფართოების პერსპექტივიდან გამომდინარე. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი დღის წესრიგიდან გამომდინარე, ევრო-ატლანტიკური პერსპექტივა უპირველესად დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით ქვეყნის გაძლიერებას ნიშნავს,“ – აღნიშნა თედო ჯაფარიძემ. გამომსვლელმა საქართველოს, როგორც რეგიონში მოწინავე დემოკრატიული სახელმწიფოსა და ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყნის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, სახეზეა სტაბილური ეკონომიკური ზრდა, ახალი უცხოური ინვესტიციები. „ნატოს წევრობით კი, უპირველესად, ბოლო მოეღება დაუსრულებელ საფრთხეებს და საფუძველი ჩაეყრება ახალ, მშვიდობიან თანამშრომლობას“, – აღნიშნა თედო ჯაფარიძე. დისკუსიის ფარგლებში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრეს. „2012 წლიდან საქართველო დემოკრატიის გარდამავალი ეტაპიდან დომოკრატიული კონსოლიდაციის ეტაპისკენ ინაცვლებს. არჩევნები არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს ნატოსა და ევროკავშირისკენ ჩვენი ქვეყნის მისწრაფებაზე“, – აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას, დასტურად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ პარტიების მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადება წარუდგინა.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ავღანეთის დახმარება აუცილებელია როგორც რეგიონული, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის