თეა წულუკიანმა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორად ზვიად კვიციანი წარადგინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს სსიპ ეროვნული მუზეუმების გაერთიანებაში განსაკუთრებული, ავტონომიური სტატუსი მიენიჭა და მის დირექტორად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ზვიად კვიციანი დაინიშნა.

ზვიად კვიციანს კულტურის მინისტრი სვანეთის მუზეუმში 25 იანვარს წარადგენს.
შესაბამისად, სსიპ ეროვნული მუზეუმის დირექტორატს ზვიად კვიციანის სახით ახალი, მე-5 წევრი შეემატება და ეროვნული მუზეუმის მართვაში სვანეთის მუზეუმიც მიიღებს მონაწილეობას.
მოცემული ცვლილება არის გაგრძელება იმ სამუზეუმო რეფორმის, რომელიც გულისხმობს კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას მუზეუმებში და რომლის ფარგლებშიც, 2021 წლის გაზაფხულზე, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ მუზეუმს უკვე გამოეყო მუზეუმთა ჯგუფები და ჩამოყალიბდა 4 მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი: 1. შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; 2. სპორტის მუზეუმი; 3. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი; 4. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავს დანარჩენ, 7 მუზეუმს და ორ კვლევით ცენტრს და დღემდე მოიცავდა სვანეთის მუზეუმსაც.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 30 დეკემბრის ბრძანების თანახმად, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ახლადდანიშნულ დირექტორს დაევალა მოცემულ პოზიციაზე დანიშვნიდან 2 თვის ვადაში შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ინვენტარიზაცია და მათი წესრიგში მოყვანისათვის აუცილებელი ღონისძიებების ნუსხის მინისტრისათვის წარდგენა.
გარდა ამისა, მუზეუმის დირექტორს დაევალა, დანიშვნიდან 4 თვის ვადაში სამინისტროს წარმომადგენლის ჩართულობით, სამუზეუმო ექსპონატების აღწერა/დადარების პროცესის წარმართვა, დასრულება და მინისტრისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რათა ნათელი იყოს, როგორი ინფრასტრუქტურა და რა ქონება გადაიბარა მუზეუმის ახალმა დირექტორმა

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინას დაიცავენ
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და უმცროსი შვილი