თეა წულუკიანი – „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით შეფასება მაშინ მექნება, როდესაც გამოძიება მუშაობას დაასრულებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით შეფასება მაშინ ექნება, როდესაც გამოძიება მუშაობას დაასრულებს.

მინისტრის თქმით, პროკურატურის ორგანოები ახალი კონსტიტუციის შედეგად სრულად დამოუკიდებლები გახდნენ და შეუძლიათ, საგამოძიებო ორგანოებზე შესაბამისი ზედამხედველობა ისე განახორციელონ, რომ რომელიმე მხარის უფლებები არ დაირღვეს.

„გამოძიებაში რა თქმა უნდა, იუსტიციის მინისტრი არ და ვერ ერევა. პიროვნულად არც მაქვს სურვილი, რომ რაიმე მეტი ვიცოდე და ჩავერიო. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც პროკურატურის ორგანოები ახალი კონსტიტუციის შედეგად სრულად დამოუკიდებლები გახდნენ, შესწევთ უნარი, საგამოძიებო ორგანოებზე შესაბამისი ზედამხედველობა ისე განახორციელონ, რომ რომელიმე მხარის უფლებები არ დაირღვეს.

რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, პოლიტიკური შეფასებები ხანდახან აზიანებს გამოძიებას და რაკი არ ვიცი, რა არის გამოძიების სტრატეგია, თავს შევიკავებდი ამ თემაზე ნებისმიერი ტიპის წინასწარი კომენტარისგან. როდესაც გამოძიება დადებს შედეგებს, რა თქმა უნდა, მაშინ მეც მექნება ჩემი პოლიტიკური აზრი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. უწყების ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი – მოწმეები ადასტურებენ, რომ ზაალ ლატარიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ინტერნეტში გაავრცელა და არაერთ პირს გაუგზავნა
შემდეგი სტატიაირაკლი მეზურნიშვილი – უნდა გავმიჯნოთ მამუკა ხაზარაძე, როგორც პიროვნება და „თიბისი ბანკი“, როგორც ორგანიზაცია