ირაკლი მეზურნიშვილი – უნდა გავმიჯნოთ მამუკა ხაზარაძე, როგორც პიროვნება და „თიბისი ბანკი“, როგორც ორგანიზაცია

ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ მამუკა ხაზარაძე, როგორც პიროვნება და „თიბისი ბანკი“, როგორც ორგანიზაცია, რადგან კითხვები მამუკა ხაზარაძის მიმართ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მამუკა ხაზარაძისვე ინტერესებშია, კითხვებს პასუხი გაეცეს.

ამასთან, მეზურნიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის, ფრანსუა პეშოს პოზიციას აღვნიშნავდი, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ბანკის ქმედებასა და ნაბიჯებს აბსოლუტური ნდობა გამოუცხადა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის კონკრეტული ადამიანის მიმართ კითხვები. კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ „თიბისი ბანკი“, რომელიც როგორც ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, ძალიან სტაბილური ორგანიზაციაა“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, საბანკო სექტორის სტაბილურობა ქვეყნის სტაბილურობას ნიშნავს. საკითხების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა კი, ბანკზე ნეგატიურად აისახება.

„ეს პროცესი არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკასთან, კითხვები არსებობს, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ლიდერი ბანკია და შესაძლებლობა აქვს, ყველა მიმართულებით დაიცვას თავი. პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს და მის მიმართ კითხვა არ უნდა არსებობდეს. „ქართული ოცნება“ ექვსი წელია, ხელისუფლებაშია და ბიზნესის შევიწროების სურვილი არავის გასჩენია. მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი“, – აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მისი თქმით, მსგავსი პროცესების ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს სხვა ქვეყნებშიც.

„შარშან „დოიჩე ბანკში“ იყო შესული შემოწმება და თანხების გათეთრებასთან დაკავშირებით ეჭვი არსებობდა. როცა კითხვები არსებობს, მათ პასუხი უნდა გაეცეს, ეს ჩვეულებრივი პროცესია. პოლიტიკური ელფერი შეიძლება, ყველაფერს შესძინო“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მისი თქმით, მიმდინარე პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს ანაკლიის პორტის პროექტთან.

„ცოტა ხნის წინ ოპონენტების პოზიცია, რომლებიც მამუკა ხაზარაძეს ახლა ძალიან იცავენ, იყო, თურმე, ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან ერთად საქართველოს ძარცვავდა. ახლა ხაზარაძე მათი დაცვის ობიექტი გახდა. მოვუწოდებ ოპონენტებს, საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიტანონ, რაც საბანკო სისტემისთვის შეიძლება, დამაზიანებელი იყოს. ანაკლიის პორტთან კი, არანაირ კავშირში არ არის, სულ სხვა ქეისია“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

მისი თქმით, კითხვები ეროვნულ ბანკში გაჩნდა და გამოძიება მიმდინარეობს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით შეფასება მაშინ მექნება, როდესაც გამოძიება მუშაობას დაასრულებს
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებაში ბრალდებულის საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა