თეა წულუკიანი სასამართლო რეფორმის საკითხებზე დიალოგში მონაწილეობს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, სასამართლო რეფორმის საკითხებზე გამართულ რეგიონულ დიალოგში მონაწილეობა მიიღო.

ღონისძიება უზენაეს სასამართლოში ჩატარდა და მას ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონული დიალოგის ფარგლებში, სამი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელთა მიერ განსახილველი საკითხებიც თემატურად გადანაწილდა: I სამუშაო ჯგუფმა განიხილა სამოსამართლო ეთიკისა და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის თემა; II სამუშაო ჯგუფმა − ელექტრონული საქმისწარმოება სასამართლოში, ხოლო III სამუშაო ჯგუფმა უფასო იურიდიული დახმარების შესახებ ისაუბრა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სწორედ მესამე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გახსნა. მინისტრმა საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რამდენიმე ეტაპად მიმდინარე რეფორმის დანიშნულებასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისთვის უფასო იურიდიული დახმარების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რეგიონული დიალოგის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2015 წლის 10-11 სექტემბერს სტრასბურგში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს თავიანთ ქვეყნებში სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმები. ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, პროკურატურისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მასპინძლობით ქ. თბილისში უზენაეს სასამართლოში შედგა. სამუშაო ჯგუფებმა თემატიკის მიხედვით მიმოიხილეს საკუთარ ქვეყნებში არსებული სიტუაცია, იმსჯელეს პრობლემურ საკითხებზე, გაცვალეს მოსაზრებები და დასახეს სამომავლო აქტივობები.

როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, პროექტი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ ერთობლივად განხორციელდა. ღონისძიებაში 6 ქვეყნის − საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის − წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამუშაო ჯგუფების მომდევნო შეხვედრა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე სომხეთისთვის ირანიდან გაზის მიწოდების საკითხს უარყოფითად აფასებს
შემდეგი სტატიაყაზახეთის კუთვნილი ბათუმის ნავთობტერმინალი იყიდება