თეა წულუკიანი – მამუკა ბახტაძის ევროსაბჭოში გამოსვლა იყო შთამბეჭდავი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ევროსაბჭოში გამოსვლა იყო შთამბეჭდავი.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა წევრი ქვეყნების დეპუტაციებს იმ რეფორმების შედეგები აჩვენა, რომელიც საქართველოს აქვს.

„პრემიერ-მინისტრმა აჩვენა, რომ საქართველო პროგრესის გზაზე დგას და ამას აღიარებს ყველა, რაც არ უნდა კრიტიკულად განწყობილი ევროპელი პოლიტიკოსი იყოს. პროგრესს აღიარებს ევროპის საბჭოს სტრუქტურები და ამას მოწმობს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველად, მას შემდეგ რაც ჩვენ გავწევრიანდით ევროსაბჭოში, ისეთი განაცხადი გააკეთა, როგორსაც აკეთებენ ევროპის საბჭოს წევრი დიდი ქვეყნები და ამან თითქოს შეუმჩნევლად ჩაიარა. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, როდესაც პატარა საქართველო, პირველად მისი წევრობის ისტორიაში, ძალიან დიდ თანხას, ნებაყოფლობით, ჩადებს ევროპის საბჭოს გადარჩენის ოპერაციაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საქართველო არის დემოკრატიის გზაზე მდგარი ის ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპის საბჭოს მსგავს ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროპულ სტრუქტურებს არ შეექმნას მუშაობის პრობლემა.

„ეს იყო ისტორიული განცხადება, ეს იყო ისტორიული ფაქტი და მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენ ხაზი გავუსვათ, როდესაც ჩვენი პატარა ქვეყანა დიდი ქვეყნისა და კიდევ უფრო მნიშვნელოვან კონტრიბუციას იღებს, რათა გადაარჩინოს ევროპული სტრუქტურა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება კითხვას, პრემიერ-მინისტრისთვის ევროსაბჭოს ასამბლეაზე დასმული კითხვა, რომ მაღალი თანამდებობის პირები არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც კორუფციის საქმეებს იძიებენ, „ფაშიზმის მხარდამჭერებს“ უწოდებენ, არის თუ არა უხერხული, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ამაში უხერხული და მიუღებელი არაფერია.

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული საპარლამენტო დელეგაციები ან პოლიტიკოსები იღებენ მონაწილეობას. ეს პოლიტიკოსები იყოფიან სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებად და რა თქმა უნდა, პრაქტიკა არის ასეთი, რომ ქართველ დეპუტატებს ან ქართველ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ, მათ სთხოვონ ამა თუ იმ კითხვის დასმა. ეს არის მიღებული პრაქტიკა. ამაში არც უხერხულია რაიმე, არც მიუღებელი. აქ მთავარი არის, რომ მამუკა ბახტაძის გამოსვლა იყო შთამბეჭდავი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის წევრმა, ბუნდესტაგის დეპუტატმა, ფრენკ შვაბმა ჰკითხა: „ამნესთი ინთერნეიშენელის“ ანგარიშებში საუბარია მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ზეწოლის შესახებ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც კორუფციის საქმეებს იძიებენ, მაგალითად მათ „ფაშიზმის მხარდამჭერებს“ უწოდებენ. რას იტყვით ამ ბრალდებების საპასუხოდ“.

როგორც მამუკა ბახტაძემ კითხვის პასუხად აღნიშნა, მიმდინარე რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ გვყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოტივაციაა მათთან ძალიან მჭიდრო მუშაობა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ როდესაც საქმე ეხება რეფორმებს, საქართველოში ამ პროცესში ყველა ჩართულია. ჩვენ გავატარეთ ძალიან რთული და ფუნდამენტური რეფორმები. ამ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს გვესმის“, – განაცხადა პრემიერმა

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – სამოქალაქო სექტორს, როგორც არ უნდა მოგწონდეს, მსგავსი ტერმინებით არ უნდა ესაუბრო
შემდეგი სტატიაივანიშვილი სასამართლოში არსებულ პრობლემებში ვერ ერკვევა ან პირიქით, ერკვევა და შეგნებულად ცდილობს მათ დამალვას – კახა წიქარიშვილი