თბილისში ზეთისხილის ბაღების გაშენება გრძელდება

საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში,დედაქალაქში ზეთისხილის ახალი ბაღის გაშენება დაიწყო. მახათას მთის შემდეგ, ზეთისხილის ბაღი თბილისის ზღვასთან, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ მოეწყო. ბაღში 9 000 ძირი ზეთისხილის ნერგი დაირგო. ზეთისხილის ბაღის მიმდებარედ ირგვება 12 000 ელდარის ფიჭვი.
ზეთისხილის ნერგები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად დარგო. ზეთისხილის ბაღის გამწვანების ღონისძიებაში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაც ჩაერთო.
„დღეს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამწვანების აქცია ტარდება, რომლის ფარგლებში 9 000 ძირი ზეთისხილის ნერგი და 12 000 ფიჭვის ხე-მცენარე ირგვება. აქციაში თბილისის მერიის თითქმის ყველა სამსახური და დაქვემდებარებული უწყებაა ჩართული, ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ ქალაქის გამწვანებაზე. ეს ბაღი რამდენიმე წელიწადში თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ეკოლოგიური თვალსაზრისით მიმზიდველი ადგილი იქნება ძალიან დიდი სივრცით“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის თქმით, ზეთისხილის ბაღების გაშენების ტრადიცია საქართველოში მე-19 საუკუნეში შეიქმნა.თბილისის კლიმატი და ზღვის მიმდებარე ტერიტორია კი ამ ტრადიციის წარმატებით განვითარების საშუალებას იძლევა.
ზეთისხილის ბაღების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის მანძილზე უზრუნველყოფს.
დედაქალაქი შემოდგომაზე სულ 80 000 ნერგით განაშენიანდება. საშემოდგომო გამწვანების პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: დავიცვათ ეტიკეტი და სამთავრობო ცვლილებებზე პირველი სიტყვა დავუთმოთ პრემიერს
შემდეგი სტატიაქართველმა ქალბატონმა თურქეთში 83 წლის მოხუცი მოკლა