თბილისში, რეკრეაციულ და საცხოვრებელ ზონებში მეორადი საბურავების, ჯართის, ფეთქებადი მასალის განთავსება და რეალიზაცია აიკრძალება

თბილისის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებასა და რეალიზაციის მიმართულებით სრული კატასტროფა გვაქვს და ეს უნდა დარეგულირდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მერიის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონში შეტანილი იყო მუხლი, რომელიც მერიას ავალდებულებდა ამ მიმართულებით კანონქვემდებარე აქტის მიღებასა და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას.

„საუბარი არის თბილისის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებასა და რეალიზაციის წესის დადგენაზე. ამ მიმართულებით დღეს ქალაქში გვაქვს სრული კატასტროფა. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს. ამ რეგულაციის მიხედვით, ასეთი მასალის განთავსება და რეალიზაცია აიკრძალება გარკვეულ ფუნქციურ ზონებში. მაგალითად, როგორიცაა: რეკრეაციული ზონები, საცხოვრებელი ზონები და სხვა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მოსახლეობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მერმა განმარტა, ასეთი ტიპის მასალის განთავსება-რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალურად დადგენილ ზონებში და ისეთ შენობა-ნაგებობში, სადაც დაცული იქნება საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვისა და რეალიზაციის პირობები და უსაფრთხოების ნორმები.

„დღეს არის კონკრეტული უბნები, ქუჩები, სადაც ხდება მაგალითად, აალებადი მასალების გაყიდვა და ეს ყველაფერი შენახულია კონკრეტული საცხოვრებელი სახლების სარდაფებში, ასევე, საბურავები, ეს არის უსერიოზულესი პრობლემა. ცეცხლის კერის გაჩენის შემთხვევაში, ამას ვერანაირი სახანძრო ვერ უშველის. ეს იქნება სრული კატასტროფა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა დარეგულირდეს“, – განაცხადა მერმა.

კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა, ხვალიდანვე დაიწყონ კომუნიკაცია ყველა ადამიანთან, ვინც მსგავსი მასალებით ვაჭრობს, მიეწოდოთ მათ მერიის ხედვა და გეგმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მიეცეთ გონივრული ვადა და მითითებები, სად უნდა განახორციელონ შემდეგ საქმიანობა.

„კანონი, რომელიც გვავალდებულებს რეგულაციების მიღებასა და საკრებულოში გაგზავნას, ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ და რეგულაციები ამოქმედდეს პირველი იანვრიდან, რათა ადამიანებს ჰქონდეთ გონივრული ვადა და დრო, მოახერხონ თავისი საქმიანობის უკვე სხვა კონკრეტულ ადგილზე, იმ ზონებში გაგრძელება, სადაც კანონმდებლობით დაშვებული იქნება. ეს არის სერიოზული გამოწვევა, სერიოზული პრობლემა, თუმცა აუცილებლად მოვაგვარებთ და მოვაწესრიგებთ, რომ ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, მათი, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული და ასევე, მიმდებარე ტერიტორიებზე განაშენიანებულ უბნებსა და რაიონებში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, საცხოვრებელი ზონებში ასეთი საქმიანობა აიკრძალება და ვერ განხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიგახარიას დადგენილებით ქართულ სუფრას ( პურობას) ეროვნული მნიშვნელობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
შემდეგი სტატიათბილისში ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია იწყება