თბილისში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად კახა კალაძე კონკრეტული გეგმის წარდგენას ითხოვს

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა ქალაქში არსებულ დაუმთავრებელ შენობა-ნაგებობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთი შენობები ქალაქის ბევრ რაიონშია და ანტისანიტარიას ქმნის. კალაძემ მერის მოადგილეს, ილია ელოშვილს გეგმის წარდგენა დაავალა, რათა დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების პრობლემა დროულად მოგვარდეს.
„დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ ქალაქში. მე მქონდა საუბარი ბატონ მამუკა ბახტაძესთან და მინდა გითხრათ, რომ არის სრული მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ჩვენი მხრიდან იქნეს წარმოდგენილი კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგას, რათა პრობლემა მოგვარდეს. მე მინდა ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. ცენტრალური ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის. თუ რაიმე არის მათი მხრიდან საჭირო რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რომ ეს პრობლემა, რომელიც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას მოგვარდეს. დაუმთავრებელი შენობები ყველა რაიონშია, სამწუხაროდ. ეს ერთი მხრივ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქის იერსახისთვის და მეორე მხრივ, სერიოზული პრობლემაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან ბევრი ადგილი და ლოკაცია, სადაც უკვე მშენებლობა დაწყებული იყო, საძირკველი ამოღებულია, რამდენიმე სართული აშენებულია და წლების განმავლობაში გაჩერებულია, ანტისანიტარიის ბუდედ იქცა. ამიტომ დროულად და რაც შეიძლება სწრაფად წარმოადგინეთ გეგმა რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პრობლემა იქნას მოგვარებული. დავეხმაროთ ამ სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს და მოვაგვაროთ პრობლემა“, -განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგარევაჭრობა პარკებში – “უახლოეს დღეებში ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული”
შემდეგი სტატია“მიშგუ ლადეღ სოზარი ❤️” – დააჰაჰავე წულუკიანი