თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს დილით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.

banner
წინა სტატიაშიყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შესრულდეს ის, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი გმირები
შემდეგი სტატიააჭარის მთავრობა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ შშმ სტატუსის ორ მეომარს 3000 – 3000 ლარს გადასცემს