თბილისის მთავარი ნაძვის ხე განათდა

პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა თბილისის მთავარი ნაძვის ხე გაანათეს. ირაკლი ღარიბაშვილი და დავით ნარმანია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ნაძვის ხის გასანათებლად შვილებთან ერთად მივიდნენ. მათ მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია კიდევ ერთხელ მიულოცეს.
პარლამენტის შენობასთან პრემიერთან და დედაქალაქის მერთან ერთად ნაძვის ხის განათებას ესწრებოდა თოვლის ბაბუა, რომელიც შეკრებილ ბავშვებს დაჰპირდა, რომ მთაწმინდის პარკში, საახალწლო დღეებში დაუვიწყარი ღონისძიებები ელოდებათ.
ახალი ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია, ხოლო დიამეტრი 11 მეტრი. მერიის მიერ საახალწლ ნაძვის ხის შეძენასა და მონტაჟზე გამოცხადებულ ტენდერში შპს “ჯეო სტრიმმა” გაიმარჯვა და საახალწლო შესყიდვის ღირებულება 175 573 ლარით განისაზღვრა. საზეიმო ღონისძიება ჯგუფმა The Quintessential Five საშობაო კომპოზიციებით გააფორმა.
მერიის ცნობით, 25 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით თბილისში ვარდების მოედანი საახალწლო ქალაქად გადაიქცევა. საახალწლო ღონისძიებებს 25 დეკემბერს დათო ევგენიძის საავტორო კონცერტი გახსნის და გარდა კულტურული ღონისძიებებისა საახალწლო ქალაქი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დატვირთული იქნება სხვადასვა სახის სპორტული და საბავშვო აქტივობებით.
31 დეკემბრის ღამეს კი თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება – მიშა მდინარაძის საავტორო პროექტი ქართულ-ევროპული, კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ერთობას წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაში,,სურათი კატასტროფულია” – რეგიონებში მთავრობის წევრთა ნათესავების დასაქმების დინამიკა
შემდეგი სტატია“ვიზალიბერალიზაციაზე დადებითი დასკვნა ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის ზეიმია”