“თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს

“თბილისის მიკროავტობუსში” აცხადებენ, რომ დიღმის ავტოპარკში 32-ე ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის მხრიდან საბოტაჟის მოწყობის მცდელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი.

კერძოდ, განცხადების თანახმად, მძღოლს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა მოსთხოვა ალკოტესტის გავლა, რაზეც უარი მიიღო, რის შემდეგაც ორ მხარეს შორის წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა, რისი დასრულების შემდეგ კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიმართ გატარებული იქნება კომპანიის შიდა წესდებით გათვალისწინებული სანქციები.
“დღეს დილით კომპანიის დიღმის ავტოპარკში ადგილი ჰქონდა 32-ე ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის მხრიდან საბოტაჟის მოწყობის მცდელობის ფაქტს, მას შემდეგ რაც მძღოლს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა მოსთხოვა ალკოტესტის გავლა. კერძოდ, დილით სამსახურში მისულ მძღოლს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა, რომლის ვალდებულებებშიც შედის მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა, მძღოლს ალკოტესტის გავლა მოსთხოვა, მძღოლმა მოთხოვნის შესრულებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რის შემდეგაც ორ მხარეს შორის წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია, მძღოლმა ჩააყენა მიკროავტობუსი ავტოპარკის გასასვლელში, არ მისცა სხვა მძღოლებს ხაზზე სამუშაოდ გასვლის საშუალება და მომხდარის ე.წ. გაფიცვად ინსპირირებას შეეცადა. ამ დროისთვის ფაქტზე კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიმდინარეობს მოკვლევა, ამოღებულია და იშიფრება ვიდეოჩანაწერები, მოკლევის დასრულების შემდეგ კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიმართ გატარებული იქნება კომპანიის შიდა წესდებით გათვალისწინებული სანქციები”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დიღომში, დღეს აშშ-ს საელჩოსთან მდებარე ტაქსოპარკის მძღოლები გაიფიცნენ.

მათი თქმით, დღეს დილით, დაცვის თანამშრომელი მძღოლს ალკოჰოლზე ამოწმებდა, თუმცა ეს შემოწმება რამდენჯერმე გაგრძელდა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა და დაცვამ ხელი დაარტყა. მძღოლები დამოკიდებულების შეცვლას, დღიური გეგმის შემცირებას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის შს მინისტრი: ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ ტერორისტებთან
შემდეგი სტატიაკერის და პუტინის შეხვედრა “საუკეთესო სურვილების” გაცვლით დაიწყო