“მე თავს არაფერს არ ვარიდებ, როგორი მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას ჩემ მიმართ”-შს მინისტრი აფგან მუხთარლის საქმეზე

 

“ჩვენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოვიღეთ ყველა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მიგვითითა მუხთარლის ადვოკატმა, ეს ჩანაწერები ამოღებულია ყველა ლოკაციიდან. ხდება ამ ჩანაწერების ანალიტიკური დამუშავება. სხვათა შორის, ეს ჩანაწერები გადაეცა მის ადვოკატსაც, მაგრამ მას არ მოეწონა, რადგან იქ არ ჩანს გატაცების მომენტი. ჩვენ, ხელოვნურად ვერ დავდგამთ გატაცების სცენებს, მისთვის სასურველ სცენას. მივყვებით ობიექტურ მოცემულობას და როგორც გითხარით, გამოძიება მიმდინარეობს. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უნდათ თუ არ უნდათ, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ. ვითომ გულშემატკივრებს, ვითომ აღშფოთებულებს მინდა ვუთხრა, რომ გამოძიება აუცილებლად დასრულდება და დაიდება კონკრეტული დასკვნა”– ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გამორიცხა შს სამინისტროს და ყველა ძალოვანი უწყების ჩართულობა მუხთარლის შესაძლო გატაცებაში.

 

“კატეგორიულად გამოვრციხავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობას მასში, მეტსაც გეტყვით, მე კატეგორიულად გამოვრიცხავ ყველა სხვა ძალოვანი უწყების ჩართულობას ამ მოცემულობაში, რასაც გვთავაზობს მუხთარლი და მისი ადვოკატი. არ მჯერა, რომ ვინმეს სჯერა, თითქოს შუადღით, თბილისის შუაგულ ცენტრში, ფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები იტაცებენ ჯანღონით სავსე ადამიანს, და ამის დამნახავი არავინაა. არ არსებობს მოწმე, არ არსებობს არცერთი ვიდეოჩანაწერი, სადაც შეიძლება ჩანდეს ფორმაში გამოწყობილი ადამიანების გადაადგილებაც კი, არათუ”-აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი. მისივე განცხადებით მე თავს არაფერს არ ვარიდებ, როგორი მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას ჩემ მიმართ. მე ამ კითხვებს არ გავურბივარ. მე არასდროს პასუხისგებლობას არ გავქცევივარ. მე შევხვდი უმრავლესობის წევრებს, იქ კონსტრუქციული საუბარი გაიმართა. მე ვესაუბრები ხოლმე ადამიანებს, ვისაც ესმით არგუმენტების და ითვალისწინებენ ფაქტებს. ადამიანები, რომლებიც თავის პოზიციაზე რჩებიან და არ უნდათ გაიგონ მტკიცებულებებით გამყარებული ფაქტები და არ უნდათ მოისმინონ არგუმენტები, ასეთ ადამიანებთან შეხვედრაზე დროს ნამდვილად არ დავკარგავ. ასე რომ, მე პრობლემა არ მაქვს, პასუხს გავცემ ყველანაირ მწვავე კითხვას, მაგრამ იმ ადამიანების კითხვებს, ვინც ამას გაიგებს და არა იმათსას, ვინც მაინც თავის პოზიციაზე რჩება. ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები”, – განაცხადა შს მინისტრმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ოკუპაცია გახლავთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო
შემდეგი სტატიასკანდალი სუს-ში – გომელაური პოლიტიკოსების პირადი კადრებით დისკრედიტაციას გეგმავდა