სკანდალი სუს-ში – გომელაური პოლიტიკოსების პირადი კადრებით დისკრედიტაციას გეგმავდა

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წინასაარჩევნოდ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შეგროვებას და მათ გავრცელებს გეგმავს.

მათი ცნობით, გადაცემა P.S.-ის გუნდმა სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის, ოჯახის წევრისგან, ნინო ნიქაბაძისგან, რომელიც თავად სუს-ში მუშაობდა, წერილი მიიღო. წერილში ნინო ნიქაბაძე წერს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობა ვახტანგ გომელაურმა დააწყებინა, რადგან მისი მამამთილი გომელაურის ცოლის ძმაა და მასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს.

ნიქაბაძის თქმით, მუშაობის დაწყების შემდეგ, მან გომელაურისგან მიიღო დავალება, რომ უნდა გაერთიანებულიყო სპეციალურ ჯგუფში, რომელიც ფარულად აწარმოებდა უკანონო თვალთვალსა და მოსმენებს ოპოზიციის წევრების მიმართ, რათა მასალა მათი დისკრეტაციისთვის წინასაარჩევნოდ გამოეყენებინათ. ნიქაბაძის თქმით, მან გომელაურის შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რის გამოც მასზე ოჯახის წევრები მათ შორის ფიზიკურ ძალადობასაც ახორციელებდნენ და ნიქაბაძე იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

ნინო ნიქაბაძე არ ახმაურებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება, რადგან ამბობს, რომ მასზე ზეწოლა ამ დრომდე ხორციელდება. მისი თქმით, ის ეცადა, რომ ეწარმოებინა სამართლებრივი დავა, თუმცა ეს თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ოჯახისგან მას მხარდაჭერა არ ჰქონდა. ნიქაბაძის თქმით, მას სურს, რომ საქმე გახმაურდეს და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით შეძლოს პრობლემის მოგვარება.

“სიტუაცია განსაკუთრებულად დაიძაბა 2017 დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც პირადად უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან მივიღე წინადადება მონაწილეობა მიმეღო სუს-ის ახალ პროექტში, რომელიც არჩევნებისთვის კეთდებოდა. ეს იქნებოდა სპეციალური ჯგუფი, რომელშიც განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირები იქნებოდნენ ჩართულნი და ნებისმიერი გზებით შეეცდებოდნენ ოპონენტების დისკრედიტირებას. მათ შორის საუბარი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნების შესაძლებლობაზეც,”- წერს ნიქაბაძე წერილში.

ნინო ნიქაბაძე P.S.-ის ეთერში Skype-ის საშუალებით ჩართვისას ამბობს, რომ მისი ქმრის მშობლები გომელაურთან დაახლოებული პირები არიან, რომლებიც არამხოლოდ ოჯახის წევრები არიან, არამედ მეზობლებიც და ერთმანეთს ხშირად სტუმრობენ. ამასთან, ნიქაბაძე ამბობს, რომ მისი ქმრის მშობლები ციხეებს პურით ამარაგებდნენ და ტენდერის ჩატარების შემდეგ, “გომელაურის პატრონაჟით ტენდერებს იგებდნენ”.

“მე არცერთ ტენდერში არ მაქვს მონაწილეობა მიღებული, არც პირდაპირი შესყიდვებით, არანაირ ტენდერში არასდროს მონაწილეობა არ მიმიღია,”- ამბობს ნინო ნიქაბაძის დედამთილი ირმა პატარაია ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში. კითხვას, არის თუ არა ვახტანგ გომელაური მისი ქმრის სიძე, არც უარყოფს და არც ადასტურებს, – “დანარჩენი ყველაფერი შეგიძლიათ სხვაგან გადაამოწმოთ,”- პასუხობს ის.

Skype ჩართვისას ნიქაბაძე ყვება, რომ გომელაურის შეთავაზება მან თანამშრომელს და მეგობარს, კობა კაპანაძეს, შეატყობინა, რომელმაც ურჩია, რომ სუს-ის უფროსისთვის უარი ეთქვა, რადგან ეს უკანონი იყო და შესაძლო იყო, მის წინააღმდეგ კომპრომატად გამოეყენებინათ.

“რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი მამამთილი ჩვენთან მოვიდა ოჯახში. კობაზე გამესაუბრა, რაც ამტკიცებდა იმას, რომ ჩემს სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ. მითხრა, რომ მაგან ეგ როგორ გაბედა, როგორ დაგეხმარა და როგორ ჩაერია ამაშიო. მაგას ვახო [ვახტანგ გომელაური] მიხედავს, სამსახურიდან გააგდებს, ან ცოცხალს არ დატოვებს, ან კარგად სცემსო,”- ყვება ნიქაბაძე.

კობა კაპანაძემ ასევე დატოვა ქვეყანა. ის სუს-ის ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა. P.S.-ის ეთერში Skype Call-ის დროს ის ამბობს, რომ ვახტანგ გომელაურისთვის მიუღებელი პირი იყო, რადგან გომელაურის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, კადრად მიიჩნევდნენ.

“ეს, შესაძლოა, სუს-ის შიდა დაპირისპირებაზე მიუთითებდეს. შესაძლოა, არსებობდეს დაპირისპირება გომელაურსა და გოგაშვილს შორის, რადგან მე ეს ინფორმაცია ოჯახიდან მაქვს. გოგაშვილს მოიხსენიებენ ნეგატიურ კონტექსტში. როდესაც გოგეშვილს მოჭრიან, მას ტოტებსაც მიაყოლებენო, ტოტებში ჩვენ ვიგულისხმებოდით, ვისაც მისი გუნდის წევრად გვთვლიდნენ,”- ყვება კობა კაპანაძე.

კაპანაძე ყვება, რომ მიუხედავად ამ გარემოებებისა, პროექტში მუშაობა, ნიქაბაძის დახმარებით, მასაც შესთავაზეს, რადგან ის უკვე ინფორმირებული იყო დეტალების შესახებ.

“ეს ეხებოდა პოლიტიკური ოპონენტების (შესაძლოა, ერთ დროს პოლიტიკურ კოალიციაში შემავალი ძალების) მაკომპრომიტირებელი გავრცელებას. შესაძლოა, ეს ყოფილიყო პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებიც, მათ შორის. ეს იქნებოდა ძველი, თუ ახალი მასალები, გავრცელება იქნებოდა, თუ უკვე გავრცელებულის ხელშეწყობა, ამის შესახებ ინფორმირებულები არ ვყოფილვართ,”- ამბობს კაპანაძე.

მისი თქმით, ნიქაბაძის მსგავსად, პროექტში მონაწილეობაზე თვითონაც უარი განაცხადა, რის შემდეგაც მათ სამსახურის დატოვება მოსთხოვეს.

“მეუღლის ოჯახის წევრები ხშირად მაფრთხილებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ბევრი ვიცოდი და თანდათან უფრო და უფრო საშიშად ვიქცეოდი. 2017 წლის თებერვალში მინისტრის ცოლის ძმამ, დავით კუდუხაშვილმა, მინისტრის დანაბარები გადმომცა, ვინაიდან არ ვემორჩილებოდი მათ ნებას და სამსახურში დანიშვნის მიუხედავად, მაინც არ ვიშლიდი ჩემსას, ჩემი განცხადებითვე წავსულიყავი სამსახურიდან,”- წერს ნიქაბაძე წერილში.

ნიქაბაძე ყვება, რომ განცხადების დაწერაში დახმარება უშუალო უფროსმაც შესთავაზა, თუმცა ის სამსახურის დატოვებას არ აპირებდა. ამის შემდეგ, ის ავტოავარიაში მოყვა. გარემოებებიდან გამომდინარე, ნიქაბაძე ეჭვობს, რომ შესაძლოა, ავარია მოწყობილი იყო.

“ძალიან საეჭვო სიტუაცია იყო. ავარიის შემდეგ მითხრეს, რომ შენ თუ ჭკვიანად არ მოიქცევი, უარესი დაგემართება. დედამთილიც მეუბნებოდა ხშირად და მეუღლეც,”- ყვება ნიქაბაძე ჩართვისას.

ნინო ნიქაბაძე ამბობს, რომ ოჯახის წევრების მხრიდან მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რომ სამსახური დაეტოვებინა, რის შედეგადაც, მან განცხადება დაწერა. ყვება, რომ მეუღლისგან ნაცემი არაერთხელ გაქცეულა სახლში მშობლებთან, თუმცა მისი თქმით, ისინიც ეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი უნდა მოეთმინა.

“ჩემი მეუღლე ხშირად სვამდა. როდესაც პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა, აგრესია ყოველთვის გადმოჰქონდა ჩემზე, რასაც ესწრებოდნენ ბავშვები. მქონია ასეთი შემთხვევაც, რომ მაშინ შემხებია ხელით, როცა ხელში ბავშვი მეკავა. აღმოვჩენილვარ იატაკზეც და არ ვიცი, საშინელი დღეები მაქვს გამოვლილი, საშინელი. პირადად ჩემი დედამთილისგან ვიყავი გაფრთხილებული, რომ თუ პოლიციას მივმართავდი, უშიშროებაც და პოლიციაც, აბსოლუტურად ყველაფერი იყვნენ თვითონ, გამომაცხადებდნენ გიჟად და ბავშვებს წამართმევდნენ,”- იხსენებს ნინო ნიქაბაძე.

ერთერთი ჩხუბისას, როდესაც შვილებთან ერთად მშობლების სახლში წავიდა, მისი ქმრის ოჯახის წევრები მივიდნენ და უფროსი შვილი მამასთან წაიყვანეს. ნიქაბაძე ყვება, რომ მას სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი და კობა კაპანაძეს სთხოვა, ქვეყნის დატოვებაში დახმარებოდა.

თვენახევრის წინ კობა კაპანაძემ და ნინო ნიქაბაძემ საზღვარი გადაკვეთეს, მილანში წავიდნენ, სადაც კვლავ იყო მათზე თავდასხმის მცდელობა. ამიტომ, ადგილსამყოფელი შეიცვალეს და ახალ ადგილსამყოფელს არ ამხელენ. ნიქაბაძე ამბობს, რომ კონტაქტი არც შვილებთან აქვს და არც ქმრის ოჯახთან. მშობლები და ძმები კი არ ელაპარაკებიან. მისი თქმით, მისი ნაბიჯი მეგობარ მამაკაცთან ერთად გაპარვად შერაცხეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

“ქვეყანა როდესაც დავტოვეთ, მალევე შემოვიდა ზარი და მითხრეს, პირადად სამინისტროდან შემომითვალეს, რომ არცკი გამებედა ქვეყანაში დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე საშინლად დავისჯებოდი ამის გამო. გომელაურმა დაავალა ერთერთ მოადგილეს და ერთერთმა მოადგილემ შემომითვალა ჩემი მეგობრის მეშვეობით. პირადად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისგან ხორციელდება ჩვენი დევნა,”- ამბობს კობა კაპანაძე.

ნინო ნიქაბაძის თქმით, დაბრუნების შემთხვევაში მას სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან.

“სანამ ბავშვებთან მივაღწევ, ძალიან დიდი საშიშროება არსებობს იმის, რომ ფიზიკურად ცოცხალმა ვერ მივაღწიო. იქიდან მოდის მუქარა, რომ საქართველოში მე აღარ მელოდებიან და თუ ჩავალ, გამატყავებენ და მარილს მომაყრიან”.

ნინო ნიქაბაძის მეუღლე P.S.-ის ჟურნალისტთან სატელეფონო საუბრისას ბრალდებებს უარყოფს.

“კარგის მეტი არაფერი და თვითონ დაადო თავი და მოხია, გაიქცა. მე დანარჩენი არ ვიცი, არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, რომელ ზეწოლაზე საუბრობთ? არავითარი, არა, რა შუაშია, იკითხეთ სხვაგანაც,”- ამბობს ნიქაბაძის ქმარი.

ჟურნალისტები ნიქაბაძის ოჯახშიც მივიდნენ, თუმცა სახლში არ დახვდნენ. სატელეფონო საუბრისას კი მან თქვა, რომ თავისი და “არ აინტერესებს”. ცოტა ხანში ჟურნალისტს თავად დაუკავშირდა ნიქაბაძის მამამ, რომელიც საუბარში ყვირილით ამტკიცებდა, რომ მისი შვილი იტყუებოდა, არანაირი ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა და იდეალური ოჯახი ჰყავდა.

“გომელაური არის უსაყვარლესი პიროვნება, თავისი საქმის პროფესიონალი, თქვენი მოგონილია ყველაფერი ჟურნალისტების. ის [ჩემი შვილი] არის შეურაცხადი და ვინც იმას დაუჯერებს, ის ორჯერ მეტი შეურაცხადი იქნება,”- ყვება ნინო ნიქაბაძის მამა.

აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა P.S.-ის ჟურნალისტს არაოფიციალური პასუხი მიწერა:

“ნინო ნიქაბაძე და კობა კაპანაძე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ, მათ სხვადასხვა პერიოდში დაწერეს პატაკები სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ნინო ნიქაბაძემ მარტში, ხოლო კობა კაპანაძემ – მაისში. ორივე მათგანი ღია წყაროებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე მუშაობდა. მათი ბრალდებები პოლიტიკური ოპონენტების დევნასთან დაკავშირებით არის სრული აბსურდი, მსგავსი დავალებები სუს-ის ხელმძღვანელობის მიერ არ გაცემულა და არც მომავალში გაიცემა. სუს-ის საქმიანობა მკაცრად არის განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობით. მათ მიერ გამოთქმული სხვა ბრალდებებიც იმდენად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ,”- წერს სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

banner
წინა სტატიაში“მე თავს არაფერს არ ვარიდებ, როგორი მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას ჩემ მიმართ”-შს მინისტრი აფგან მუხთარლის საქმეზე
შემდეგი სტატიაონლაინ პეტიციის ავტორები მოუწოდებენ Google Play Store-ს, არარსებული აფხაზური დამწერლობისთვის შექმნილი კლავიატურის რეკლამა შეწყვიტოს