„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ერთობლივი განცხადება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2017 14:02

„თავისუფალი დემოკრატებისა“ და „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ერთობლივი განცხადება

„თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ ვეხმაურებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ოპოზიციონერი აქტივისტის, აფგან მუხთარლის გატაცების და ბაქოში დაპატიმრების ფაქტს. ასევე დემირელის კოლეჯის პედაგოგის, ემრე ჩაბუქის დაკავებას და წინასწარ პატიმრობაში ყოფნას და გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:
ძალიან კარგად გვესმის და ვაცნობიერებთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის აზერბაიჯანსა და თურქეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. იმავდროულად, მიგვაჩნია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს მეზობლებთან არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს და არც შეიძლება გულისხმობდეს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ნებისმიერი პიროვნების ღირსებისა და უსაფრთხოების ხელყოფას. სტრატეგიული პარტნიორობა არ შეიძლება იყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის არც მიზეზი და არც საბაბი.
ამ თვალსაზრისით, როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ისე თურქი პედაგოგის შემთხვევა არის უაღრესად საგანგაშო და აღმაშფოთებელი პრეცედენტი. აქ ორში ერთია: ან საქმე გვაქვს უკიდურეს არაკომპეტენტურობასა და დანაშაულებრივ გულგრილობასთან საქართველოს სახელისუფლო უწყებების მხრიდან, ან სრულიად შეგნებულ ქმედებებთან, რაც ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც სისტემური დანაშაული.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „თავისუფალი დამოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ მოვითხოვთ:
ა) საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილმა პირებმა გააკეთონ საჯარო განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ბაქოში პასპორტისა და პირადობის მოწმობის გარეშე.
ბ) საქართველოს პრემიერმინისტრმა პირადად უზრუნველყოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატისა და ოჯახის წევრების განცხადებაში გამოთქმული ბრალდებების შემოწმება და თუ დადასტურდება ამ საქმეში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობა, გაატაროს შესაბამისი ზომები დანაშაულის მონაწილეთა სამსახურიდან გათავისუფლებისა და დაპატიმრების ჩათვლით.

გ) გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან დემირელის კოლეჯის პედაგოგი ემრე ჩაბუქი და მისი თურქეთში ექსტრადიციის მოთხოვნაზე პასუხი გაიცეს მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ასევე, თურქეთის ხელისუფლების მხრიდან პედაგოგის დანაშაულებრივი საქმიანობის დამამტკიცებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. იმავდროულად, რამდენადაც არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს პოლიტკური მოტივით დევნასთან, აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვა მოხდეს საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების მონაწილეობით.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2017 14:02