საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უწყების ბალანსზე არსებული ბინების იდენტიფიცირებას აწარმოებს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამინისტროს ბალანსზე ათობით საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი.
„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, აღნიშნული ბინები რიგ შემთხვევებში უკანონოდ იყო დაკავებული მოქალაქეების მიერ. თავდაცვის სამინისტრომ საჭიროებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საცხოვრებელი ფართის სრული იდენტიფიცირება დაიწყო. მათ შორის არის თელავის დახურული სამხედრო ქალაქი N1, სადაც რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა აღნიშნული ბინების უკანონოდ მისაკუთრების ფაქტები გამოავლინა. ჩატარებული ახსნა-განმარტებების შედეგად 36-მა უკანონოდ მცხოვრებმა ოჯახმა საკუთარი სურვილით უკვე დაცალა ბინა. ამჟამად თელავის ე.წ. ლეგიონის დასახლებაში კვლავ რჩებიან უკანონო მოსახლეები, მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, არც ამ დრომდე და არც მომავალში, არც ერთი მცხოვრების იძულებით გამოსახლება არ იგეგმება.
„მიუხედავად მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციისა, აღსანიშნავია, რომ თელავში არ მომხდარა, არც ერთი ოჯახის გამოსახლება. კანონის შესაბამისად დაილუქა ოთხი ბინა, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეებს ჰქონდათ დაკავებული და საკუთარი ნებით დატოვეს.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ამოცანაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მოსახლეობის ინტერესების დაცვას, თუმცა, ამავდროულად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ზიანის მიყენება. საცხოვრებელი ფართის იდენტიფიცირების პროცესში, ყოველი სამხედრო მოსამსახურის ინტერესი ისევეა გასათვალისწინებელი, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა მოქალაქეების. სწორედ, ამ ინტერესთა ბალანსითა და ყველა მხარესთან კოორდინაციით იქნება მიღებული ყველა გადაწყვეტილება. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება უგულებელყოფილი თუნდაც ერთი ადამიანის კანონიერი ინტერესი”, – აცხადებენ სამინისტროში.