თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ჯგუფმა თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე განთავსებულ ჩილიმ-ბარებში გეგმური რეიდი ჩაატარა

თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ჯგუფმა თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე განთავსებულ ჩილიმ-ბარებში გეგმური რეიდი ჩაატარა, – ამის შესახებ „თაიმერს“ თამბაქოს კონტოლის ალიანსიდან აცნობეს.

ალიანსის ინფორმაციით, დაფიქსირებული დარღვევების გამო მონიტორინგის ჯგუფმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და ასევე, დაუკავშირდა მედია-საშუალებებს.
თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, ეს არ არის პირველი რეიდი.

„წინა შემთხვევებში ამ ტიპის შემოვლებს პრევენციული, გამაფრთხილებელი ფორმატი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ გვავალდებულებს მრავალგზის გაფრთხილებას და კვლავ პრევენციას, კანონის დარღვევის ფაქტზე დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ პოლიცია. აქამდე ეს არ გავაკეთეთ, რადგან ვცდილობდით რამენაირად არ გამოგვეწვია გაღიზიანება ჩილიმ ბარების უცხოელ მეპატრონეებში. გვინდოდა ინფორმაციის გასააზრებლად დრო ჰქონოდათ. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ მათ კატეგორიულად არ აინტერესებთ კანონის აღსრულება და დაუსჯელობის სინდრომი მძაფრად აქვთ. მეტიც, ფსიქოლოგიური და ფიზიკური თავდასხმაც კი განახორციელეს ჩვენს ერთ-ერთ მონიტორზე, რომელიც ინფორმაციის მიწოდებაზე მუშაობდა. საქართველოში ნებისმიერი კანონი ერთნაირად უნდა აღსრულდეს ყველა მოქალაქეზე ან ინვესტორზე, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა”, – განაცხადა თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.

„თამბაქოს კონტროლის კანონი მიმდინარე წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. თამბაქოს კონტროლის მონიტორინგის ჯგუფის კვლევებით, კანონი 92%-ით სრულდება. 100%-იანი შესრულებაა ე.წ. სამასპინძლო დაწესებულებებში, კაფე-ბარებში, რესტორნებში და ღამის კლუბებში. გამონაკლისია ჩილიმ-ბარებში, რომელთაც სამასპინძლო ბიზნესის ძალიან მცირე სეგმენტი უკავიათ და ძირითადად გათვლილია უცხოელ, აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებზე. თურქეთში თამბაქოს კონტროლის კანონით მოქმედებს შეზღუდვა და ჩილიმის დახურულ სივრცეში მოწევა აკრძალულია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ჯგუფმა მარჯანიშვილის ქუჩაზე განთავსებულ ჩილიმ-ბარებში გეგმური რეიდი დღეს ჩაატარა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა
შემდეგი სტატიასკანდალი – „ქართული ოცნების“ კოორდინატორს სუს-ი განადგურებით დაემუქრა!?