თამარ გაგოშვილი- ნეიროფსიქოლოგი: საზოგადოებას პირდაპირ მოვუწოდებ, ნუ ხდება ასეთი ტირაჟირება სასოწარკვეთილი ფრაზების და პერფომანსირება უბედურების, ქულების ჩაწერა ამ უბედურებაზე არაეთიკურია

თამარ გაგოშვილი- ნეიროფსიქოლოგი: ჩვენ ყველა ერთმანეთზე ვძალადობთ და შემდეგ გვიკვირს ბავშვები რატომ ძალადობენ, მედიას აქვს ამაში დიდი როლი

15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებაში, მედიასა და სოციალურ ქსელებში არსებულ განწყობებზე დღეს ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა პრესკონფერენცია მიუძღვნეს. ბავშვთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის მკვლევარებმა ერთხმად ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა ფიქრი სხვა მოზარდების ემოციურ განწყობაზე და სასოწარკვეთილი ფრაზების ტირაჟირება დაუშვებელია.
“ჩვენ შევიკრიბეთ ფსიქოლოგები და ფსიქიატრები იმ სამწუხარო ამბავთან დაკავშირებით, რაც მოხდა ჩვენს ქალაქში. ახლა, პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, მთელი საქართველო გლოვობს ამას და ჩვენ ჩვენი თავებსაც ვგლოვობთ, კიდევ ერთი არშემდგარი სიცოცხლე წავიდა, როდესაც ის შეიძლება ყოფილიყო ღირსეული, ძალიან შემდგარი პიროვნება და ეს ჩვენი საზოგადოების ბრალია.
დღეს, ყველა ვიშვერთ ხელს ერთმანეთისკენ და ვკითხულობთ რა მოხდა?! რა მოხდა, პრინციპში, ძალიან ძნელი სათქმელია. ეს არის ძალიან ძნელი სათქმელი, რადგან სისტემური პრობლემაა. უკვე მერამდენედ მიდის ასე სიცოცხლე, ახალგაზრდების სიცოცხლე და ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ. არაფერს არ აკეთებს ის ორგანიზაციები, ვისაც ხელეწიფებათ, ეს გააკეთოს.
ჩვენ ემოციური ადამიანები ვართ, ემოციებს ძალიან რეაქტიულად გამოვხატავთ. გასაგებიც არის, ყველა შეგვძრა ამ ამბავმა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, ეს ემოცია, რა შედეგს მოიტანს. დღეს მიდის ტირაჟირება სასოწარკვეთილი ბავშვის ფრაზების, რომელიც, ფაქტიურად, სასოწარკვეთილი ძახილია შველის და ჩვენ ამას ვატირაჟირებთ, ჩვენ ამით პერფორმანსებს ვაწყობთ და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ გარდატეხის ასაკის მოზარდები როგორ რეაგირებას მოაყოლებენ ამას.
ორი რამ მინდა ვიცოდეთ, გარდატეხის და მოზარდობის ასაკის თავისებურებიდან გამომდინარე, რომ ბავშვები არიან ძალიან რეაქტიულები ემოციურად და ინდუცირება ძალიან ხშირად ხდება აი ასეთი ემოციური მოვლენების. ამიტომ, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ ზედმეტი ფრაზებით, ასეთი ემოციური ტირაჟირებით, შეიძლება ჩვენ კიდევ უფრო უარესი შედეგები გამოვიწვიოთ. ჩვენ ყველანი ვყოფილვართ ბავშვები მოზარდობის ხანაში და ყველას გვქონია თავში სუიციდური აზრები და იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა აღიარება, ჩვენ ყველას გვაქვს ეს აღიარების მოთხოვნილება და განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილება აქვს მოზარდს და აღიარება თუ სიკვდილის მერეც იქნება, მაგაზეც თანახმა არიან.
ძალიან დიდი თხოვნა მექნება საზოგადოებისთვის, რომ მესმის ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი ემოციები, მაგრამ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ ბავშვებზე, რომლებიც სკოლაში სწავლობენ, რომელთაც ზუსტად ისეთივე პრობლემები აქვთ. ეს ცხოვრება პერფორმანსებით ცხოვრება არ იცვლება.
მე მინდა ვისაუბროთ დღეს იმაზე, როგორ შეიძლება შევცვალოთ ბოლოსდაბოლოს ასეთი მანკიერი წრე, როდესაც ახალგაზრდები კლავენ ერთმანეთს, იკლავენ თავს. ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემაა, ეს ლოზუნგებიც ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს.
ნულოვანი ტოლერანტობა, არ შველის ამ ამბავს. ამ ამბავს შველის ადამიანების გაზრდა. ჩვენ რომ ადამიანები გავზარდოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჯერ ადამიანები.
პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვისწავლოთ პატივისცემა სხვა ადამიანებისა ბავშვებს რა ადარდებთ? – პატივს არ სცემენ, ეს ადარდებთ პირველ რიგში, მათ ღირსებას ლახავენ არ ზრდიან პასუხისმგებლიან ადამიანებად, ისინი ამას ჩივიან შესაბამისად აი ეს მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა დამნაშავენი ვართ, სამართალდამცავი ორგანოები, სკოლა, განათლების სისტემა, ოჯახი.
ჩვენ ყველა ერთმანეთზე ვძალადობთ და შემდეგ გვიკვირს ბავშვები რატომ ძალადობენ, სხვათა შორის მედიასაც აქვს ამაში დიდი როლი. დილა იწყება ძალადობით და ბავშვი მოდელირებას აკეთებს ამისას, აქედან გამომდინარე, საზოგადოებას პირდაპირ მოვუწოდებ, რომ ნუ ხდება ასეთი ტირაჟირება სასოწარკვეთილი ფრაზების და ნუ ხდება აი ასეთი პერფომანსირება უბედურების. ქულების ჩაწერა აი ამ უბედურებაზე, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დანარჩენი მოზარდების სიცოცხლეზე,“ – განაცხადა ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშვილმა.

banner
წინა სტატიაში“შევძელით, გაგვეკეთებინა შეთავაზება, რათა საარჩევნო მოდელი გამხდარიყო უფრო მეტად პროპორციული”
შემდეგი სტატია“შემოთავაზებული სისტემა დღეს არსებულზე უკეთესია, მაგრამ ვერ სჯობს იმას, რაც უკვე გვიწერია კონსტიტუციაში”