“შევძელით, გაგვეკეთებინა შეთავაზება, რათა საარჩევნო მოდელი გამხდარიყო უფრო მეტად პროპორციული”

რთული შიდა მოლაპარაკებისა და პროცესების მიუხედავად, შევძელით, დღეს გაგვეკეთებინა შეთავაზება, რათა ჩვენი საარჩევნო მოდელი გამხდარიყო უფრო მეტად პროპორციული, თანაც არ დაგვეთმო მაჟორიტარული სისტემა,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საარჩევნო სისტემაზე მმართველი გუნდის შეთავაზებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ძალიან რთული შიდა მოლაპარაკებისა და პროცესების მიუხედავად, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი, ასევე, საჯაროდ წარიმართა, საზოგადოების თვალწინ, „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით ჩვენ შევძელით, დღეს გაგვეკეთებინა შეთავაზება, რათა ჩვენი საარჩევნო მოდელი გამხდარიყო უფრო მეტად პროპორციული და თან არ დაგვეთმო მაჟორიტარული სისტემა, ვინაიდან ვთვლით, რომ სწორედ შერეული მოდელი არის ოკუპირებულ ქვეყანაში და ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი. ამიტომაც, შეთავაზება იყო ის, რომ შემცირებულიყო მაჟორიტარული სისტემის დოზა საარჩევნო სისტემაში და პროპორციულობა გაზრდილიყო ასი ორმოცდაათის მოდელის ფარგლებში“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე აზრით, ოპოზიცია ამ შეთავაზებაზე უნდა დაფიქრდეს.

„შეთავაზება არ ეხება მხოლოდ 2020 წლის არჩევნებს, ჩვენი შეთავაზება არის, რომ ამ მოდელზე თუ შევთანხმდებით, რომელიც უფრო მეტად პროპორციულია, ვიდრე ამჟამად მოქმედი, ამ მოდელმა უნდა იმოქმედოს 2020 წლის არჩევნების შემდეგაც. ანუ, ჩვენ ვთავაზობთ მოდელს, რომელიც თუ შევთანხმდებოდით იმოქმედებდა მიღების შემდეგ ყოველ არჩევნებზე.

ჩვენ გვაქვს დღევანდელი მდგომარეობა, 2019 წელს მოქმედი კონსტიტუცია, რომელიც არის შერეული მოდელი და ასევე გვაქვს კონსტიტუცია , რომელიც მიღებულია და ითვალისწინებს სრულად პროპორციულ სისტემას 2024 წლის არჩევნებისთვის. ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკება, რათა მოგვესმინა ოპოზიციისათვის“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრი ამბობს, რომ მმართველი პარტია ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არის.

„კვლავ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ეს მოლაპარაკება და მათი მოსმენა. ვინაიდან მათთვის არსებული მდგომარეობა არ იყო მისაღები, შევთავაზეთ ის, რაც შევთავაზეთ, რადგან ვფიქრობთ, უფრო მეტად პროპორციული და ბევრად მეტად პროპორციულია, რომელიც ასევე ინარჩუნებს მაჟორიტარობის კომპონენტს და პასუხობს არა რომელიმე კონკრეტული მაჟორიტარის მოლოდინს, არამედ ჩვენი რეგიონების მოლოდინს, რომ მათ შეინარჩუნონ წარმომადგენლობა მაჟორიტარის სახით პარლამენტში. ეს მოდელი სტაბილურობის გარანტია მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს უცხოური ქვეყნის მაგალითები, რომლებმაც სრულად პროპორციული სისტემა მიიღეს და ახლა უკან იხევენ, რადგან ეს არის მუდმივი კრიზისების წყარო“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიიონათამიშვილი ჩხენკელს-სპეციალური პედაგოგების ხელფასები ჯერ კიდევ არ არის გათანაბრებული დარგის პედაგოგების ხელფასებთან და ამ მიმართულებით რა კეთდება?
შემდეგი სტატიათამარ გაგოშვილი- ნეიროფსიქოლოგი: საზოგადოებას პირდაპირ მოვუწოდებ, ნუ ხდება ასეთი ტირაჟირება სასოწარკვეთილი ფრაზების და პერფომანსირება უბედურების, ქულების ჩაწერა ამ უბედურებაზე არაეთიკურია