თამარ ჩუგოშვილი – საგაზაფხულო სესიის პირველი კვირა იქნება მაგალითი, როგორი სახის მუშაობას უნდა ველოდოთ პარლამენტისგან მომავალ წლებში

2019 წლის საგაზაფხულო სესიის პირველი კვირა თვალსაჩინო მაგალითი იქნება, თუ როგორ აპირებს მუშაობას პარლამენტი მომავალი წლების განმავლობაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით ხვალიდან პარლამენტი ახალ გარემოში იწყებს არსებობს და სრულიად განსხვავებული იქნება, ვიდრე აქამდე იყო.

„ორი წლის წინ, როცა მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო და ჟურნალისტებმა გვკითხეს, რა იქნებოდა ამ მოწვევის პარლამენტში განსხვავებული, ვამბობდით, რომ ჩვენი მიზანი იყო პარლამენტი ძლიერი, პოლიტიკური ცენტრი ყოფილიყო. ხვალ ვიწყებთ სრულიად ახალ გარემოში არსებობას. ხვალიდან საქართველოს პარლამენტი სრულიად განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც ყველანი მიჩვეული ვართ. პარლამენტი ანგარიშს ჩააბარებს საზოგადოებას, თუ რას აკეთებდა გასული წელს და რას გეგმავს მომავალში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ორი მინისტრის მოსმენა: განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილი.

როგორც ჩუგოშვილი აღნიშნავს, ყველა სასეიო კვირა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებით იქნება დატვირთული.

„ორ ძალიან მნიშვნელოვან მინისტრს მოვუსმენთ, განათლებისა და ინფრასტრუქტურის სფერობიდან. არც ერთი სასესიო კვირა ისე არ წარიმართება, რომ არ იყოს დატვირთული საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობას ბევრ კითხვაზე პასუხი და ბევრი ინფორმაცია სჭირდება, თუ რას აკეთებს ხელისუფლება“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

პირველი ვიცე-სპიკერის შეფასებით, სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც მოსახლეობის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

„აქამდე ასე არ იყო და ეს ყველაფერი საკონსტიტუციო ცვლილებებმა და ახალმა რეგლამენტმა მოიტანა. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო ჩამოყალიბდება იმ სახით, როგორიც არასოდეს გვქონია. ეს იქნება რეალური პოლიტიკური ცენტრი, ხელისუფლების კონტროლის რეალური ცენტრი და მოსახლეობისთვის კითხვებზე პასუხების რეალური ცენტრი. საზოგადოებას აინტერესებს, როგორ ვითარდება ეკონომიკა, როგორია უსაფრთხოების საკითხები, სამართლიანობა და მართლმსაჯულება ქვეყანაში. ამ ყველაფერზე კი, საპარლამენტო ტრიბუნიდან მიიღებს პასუხებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე შეფასებით, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მნიშვნელოვანი ორი წელი გაიარა და წინ კიდევ მნიშვნელოვანი ორი წელია.

„საკანონმდებლო ორგანო ძალიან საინტერესო ფაზაში შედის. მნიშვნელოვანი ორი წელი გამოვიარეთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ორი წელი გველოდება. 2019 წლის საგაზაფხულო სესიის პირველი კვირა იქნება თვალსაჩინო მაგალითი, დაახლოებით როგორი სახის მუშაობას უნდა ველოდოთ მომავალი წლების განმავლობაში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა ხვალ 12:00 საათზე გაიმართება. პარლამენტის სხდომა წლების შემდეგ პირველად ტარდება საკანონმდებლო ორგანოს თბილისში მდებარე შენობაში.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაციისას დაკავებული ლუკა ჩხეტია და კიდევ 4 პირი 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდს რამდენიმე დღეა ეძებენ