თამარ ჩუგოშვილი : აშშ-ს ელჩს ვერავინ ვერსად დაუბლოკავს, ვფიქრობ, ეს ყველამ კარგად იცის

ამერიკის შეერთებულ შტატებს ელჩს ვერავინ ვერსად დაუბლოკავს, ვფიქრობ, ეს ყველამ კარგად იცის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც ჰკითხეს, ადასტურებს თუ არა საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით Foreign Policy-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ს გამოგზავნილი ჰყავს თავისი წარმომადგენელი საქართველოში. ელჩები კი, საქართველოს გარდა, ძალიან ბევრ ქვეყანაში არ ჰყავს დანიშნული.

„ეს კითხვა თვითონ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მძლავრი ინსტიტუტია, ძალიან სერიოზულ შეურაცხყოფას აყენებს. მგონი, მიუღებელია მსგავსი რამ. აშშ-ს ელჩს ვერ დაუბლოკავს ვერავინ ვერსად და ვფიქრობ, ეს ყველამ კარგად იცის და თვითონ აშშ-ში იციან ძალიან კარგად. შეუძლებელია, ასეთი რამ მოხდეს. აშშ-ს გამოგზავნილი ჰყავს თავისი წარმომადგენელი საქართველოში. ზოგადად, ელჩები საქართველოს გარდა, ძალიან ბევრს ქვეყანაში არ ჰყავს დანიშნული და ეს თავიანთი საქმეა, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ აშშ-ს, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს ვინმემ დაუბლოკოს ელჩი, წარმოუდგენელი მგონია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩად ამერიკელი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქსის კანდიდატურა დაბლოკა, რადგან საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილია. მედიასაშუალებას მოქმედმა და ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა ვაშინგტონში უთხრეს, რომ საქართველომ მიანიშნა, რომ ბრინქსის კანდიდატურის დანიშვნის შესახებ დიპლომატიურ შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა.

გამოცემა Foreign Policy-სთან მრავალმა ამერიკულმა და ქართულმა წყარომ ივარაუდა, რომ ბრიჯიტ ბრინქსის კანდიდატურის დაბლოკვის გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილის დგას, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ამ ბრალდების დამოუკიდებლად დადასტურება რთულია.

ბრიჯიტ ბრინქსის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა. ამ თემაზე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველ ჯონ ბოლტონს საქართველოში ვიზიტისას დაუსვეს კითხვა. როგორც მან განაცხადა, საქართველოში აშშ-ის ელჩის შერჩევა სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს უკავშირდება.

ამ დროისთვის, საქართველოს გარდა, ამერიკის ელჩი 50-მდე ქვეყანაში არ არის წარდგენილი ან დამტკიცებული.

banner
წინა სტატიაშიკვლავ უცნობია მთავარი ნაძვის ხის ბედი – თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : არც ერთი ოფიციალური მხარე არ ადასტურებს, რომ ქართულ მხარეს აქვს რესურსი, დაბლოკოს აშშ-ის მიერ დანიშნული ელჩი