გია ვოლსკი : არც ერთი ოფიციალური მხარე არ ადასტურებს, რომ ქართულ მხარეს აქვს რესურსი, დაბლოკოს აშშ-ის მიერ დანიშნული ელჩი

არც ქართული და არც ამერიკული ოფიციალური მხარე არ ადასტურებს რეალობას, რომ შესაძლოა, ქართულ მხარეს აქვს რესურსი და იმის ნება, რომ დაბლოკოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დანიშნული ელჩი, ან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ Foreign policy-ის სტატიაზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც საუბარია, საქართველოში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინქსის კანდიდატურის დაბლოკვაზე.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, Foreign policy არ არის ოფიციალური სტრუქტურების ბეჭდვითი ორგანო.

მისი თქმით, გამოცემაში ექსპერტები ხშირად წერენ საკუთარ მოსაზრებებს და ამ შემთხვევაში ეს მოსაზრება ძალიან შორს არის სინამდვილისგან.

„არც ქართული და არც ამერიკული ოფიციალური მხარე არ ადასტურებს რეალობას, რომ შესაძლოა, ქართულ მხარეს აქვს რესურსი და იმის ნება, რომ დაბლოკოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დანიშნული ელჩი, ან ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება. ეს სტატია და ეს მოსაზრებები არ ვიცი რას ეყრდნობა, მაგრამ ძალიან შორს არის რეალობისგან. ეს შეიძლება მოდიოდეს ყოფილი ხელისუფლებისგან. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი პოლიტიკური პარტნიორია და არანაირი გაუგებრობა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით არ შეიძლება რომ არსებობდეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩად ამერიკელი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქსის კანდიდატურა დაბლოკა, რადგან საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილია. მედიასაშუალებას მოქმედმა და ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა ვაშინგტონში უთხრეს, რომ საქართველომ მიანიშნა, რომ ბრინქსისკანდიდატურის დანიშვნის შესახებ დიპლომატიურ შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა.

გამოცემა Foreign Policy-სთან მრავალმა ამერიკულმა და ქართულმა წყარომ ივარაუდა, რომ ბრიჯიტ ბრინქსის კანდიდატურის დაბლოკვის გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილის დგას, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ამ ბრალდების დამოუკიდებლად დადასტურება რთულია.

ბრიჯიტ ბრინქსის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა. ამ თემაზე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველ ჯონ ბოლტონს საქართველოში ვიზიტისას დაუსვეს კითხვა. როგორც მან განაცხადა, საქართველოში აშშ-ის ელჩის შერჩევა სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს უკავშირდება.

ამ დროისთვის, საქართველოს გარდა, ამერიკის ელჩი 50-მდე ქვეყანაში არ არის წარდგენილი ან დამტკიცებული.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : აშშ-ს ელჩს ვერავინ ვერსად დაუბლოკავს, ვფიქრობ, ეს ყველამ კარგად იცის
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილს დედა გარდაეცვალა