თამარ ჩხეიძე: „ოცნების“ ხელისუფლება „ნაციონალებზე“ უფრო სისხლიანია“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 2, 2019 18:47

თამარ ჩხეიძე: „ოცნების“ ხელისუფლება „ნაციონალებზე“ უფრო სისხლიანია“

თამარ ჩხეიძე: „ცოცხების სპეცოპერაციით მოსულ ივანიშვილს რუსეთი, ჯერ კიდევ, მხარს უჭერს“

საქართველოშიც და დასავლეთშიც უკვე ყველა აღიარებს, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო ვექტორი ჩრდილოეთისკენ გადაიხარა. სამწუხაროდ, უკვე ბევრ რამეში ვბაძავთ რუსეთს _ მიტინგებსაც კი ისე შლიან, როგორც რუსეთში რუსული „ომონი“ მოქმედებს. ჩვენი დემოკრატიითაც მხოლოდ რუსეთს თუ გავაკვირვებთ. ჩრდილოეთ კორეამდე, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ, ბევრი გვიკლია.
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩხეიძე, მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო კურსი ახლა არ შეცვლილა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ მიმავალ გზას მაშინ დაადგა, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი მოვიდა.

როგორ შეუქმნა სახელმწიფოს საფრთხე ცოცხების ოპერაციამ? რატომ არის „ოცნება“ „ნაციონალებზე“ უფრო სისხლიანი? როდის დავადექით რეალურად ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზას? რა მეთოდებით უნდა იბრძოლოს ოპოზიციამ? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს თამარ ჩხეიძე ესაუბრება:

_ ქალბატონო თამარ, საქართველოში ეჭვი არავის ეპარება, რომ რუსეთისკენ ავიღეთ გეზი. ამასთან დაკავშირებით უკვე ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებიც აკეთებენ მინიშნებებს. როგორ ფიქრობთ, დავადექით ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზას?
_ არასწორად მიმაჩნია ტერმინი კურსის შეცვლა _ საქართველოს ხელისუფლებას საგარეო კურსი არ შეუცვლია, მისი საგარეო კურსი თავიდანვე პრორუსული იყო.
ბუნებრივია, ოფიციალურად არ იტყვიან, რომ რუსეთისკენ ავიღეთ გეზი. საბედნიეროდ, რუსეთის გარდა მსოფლიოში არსებობს დასავლეთის ფაქტორიც, რომელიც სერიოზულ ბერკეტებს ფლობს. ამიტომ ჩვენი ხელისუფლება იძულებულია, გარეგნულად პროდასავლური პოლიტიკის ატრიბუტებიც იქონიოს.
მათი გარეგნული პროდასავლურობა, ძირითადად, ლოზუნგებსა და ზეპირ განცხადებებში გამოიხატებოდა.
ივანიშვილის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში უკვე ნიშნავდა, რომ კურსი პრორუსული იქნებოდა. მოგეხსენებათ, რა ტიპის მმართველობაა რუსეთში და იქიდან ადამიანს მილიარდებს არავის გამოატანს პოლიტიკური მოზნებისთვის, თუ ეს თავად პუტინის ინტერესებში არ შედის.
ამას რომ თავი დავანებოთ, ივანიშვილის განცხადებებიც საკმარისი იყო დასკვნების გასაკეთებლად. ის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე აცხადებდა, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.
ამტკიცებდა, საქართველოს გამო რუსეთსა და დასავლეთს ურთიერთობაში დაბრკოლებები არ უნდა შექმნასო.
_ ასრულდა მისი ოცნება _ დასავლეთსა და რუსეთს ჩვენ გამო ერთმანეთში დაბრკოლებები აღარ ექმნებათ.
_ ეს დაბრკოლებები რომ არ ყოფილიყო, ამიტომაც მოიყვანეს ივანიშვილი საქართველოს სათავეში. ის ღიად პრორუსული ვერ იქნებოდა, როგორც უკვე აღვნიშნე, დასავლური ატრიბუტიკაც უნდა ყოფილიყო მის მმართველობაში. სხვა თუ არაფერი, ეკონომიკურად ჩვენი ხელისუფლება დასავლეთზეა დამოკიდებული.
„ოცნებამ“ თავიდანვე რუსეთისკენ აიღო გეზი, უბრალოდ, ახლა მათმა პრორუსულმა პოლიტიკამ აშკარად იჩინა თავი.
_ ოპოზიცია ამბობს, რომ აქციის დაშლის დროსაც კი რუსულ მეთოდებს იყენებენ. კერძოდ, აქციიდან ისე იტაცებენ ადამიანებს, როგორც ამას მოსკოვში „ომონი“ აკეთებს.
_ ეს მოსალოდნელიც იყო. პრორუსულობა მხოლოდ საგარეო კურსის ცვლილებაში არ აისახება. ის, პირველ რიგში, დემოკრატიის ხარისხშიც აისახება. ის ანტიდემოკრატიული მეთოდები, რომელსაც ახლა ივანიშვილი იყენებს, პუტინისტურია.
_ როდესაც ამაზე იწყება საუბარი, „ოცნება“ ეგრევე წინა ხელისუფლებას იხსენებს და აცხადებს, რომ მიტინგებს ისინი, უბრალოდ, შლიან, „ნაციონალები“ კი არბევდნენ და სისხლს ღვრიდნენ. თქვენ რას იტყვით ამაზე? მყარი არგუმენტია?
_ არ არის მყარი არგუმენტი, მეტსაც გეტყვით: არასწორი არგუმენტია, რომ მაშინ ასე იყო. რას ნიშნავს, ასე იყო?! წარსულს რატომ უნდა შევედაროთ? იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ როგორი უნდა იყოს. ამ მხრივ რეგრესი აშკარაა.
_ ფიქრობთ, რომ ახლა უფრო სასტიკად არბევენ მიტინგებს, ვიდრე ეს 7 ნოემბერს ანდა 26 მაისს მოხდა?
_ ამ აქციების ერთმანეთთან შედარებაც კი არ შეიძლება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ როგორც მაშინ, ახლაც წინააღმდეგი ვიყავი აქციების დაშლისა და დარბევის. ამის მიუხედავად, ამ მოვლენებს ერთმანეთს არ შევადარებ და სხვებსაც იგივეს ვურჩევ.
მიშას დროს თვალების დათხრის მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო. ეს პოლიციის სამმართველოსთან მოხდა. ესეც ძალიან ცუდი ფაქტია და იმ ადამიანს ვუთანაგრძნობ, ვისაც თვალი ამოსთხარა რეზინის ტყვიამ.
ის, რაც 20-21 ივნისის ღამეს მოხდა, მსგავსი პრეცედენტი მიშას დროს არ ყოფილა. გავითვალისწინოთ, რომ მაშინ თვეობით გრძელდებოდა მიტინგები.
_ 2009 წელს სამი თვე იყო რუსთაველის გამზირი საკნებით ჩაკეტილი.
_ საკნებით იყო გადაკეტილი თბილისის ცენტრი, მაგრამ ხელისუფლებას ამის გამო რეპრესიები არ დაუწყია.
26 მაისის დარბევას რაც შეეხება, ეს აშკარად ანტისახელმწიფოებრივი ხასიათის აქცია იყო, თუმცა არ ვამბობ, რომ ამის გამო ეს აქცია ასე სასტიკად უნდა დაერბიათ. იმ დარბევის დროს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ეს ძალიან სამწუხაროა!
ვიცით, რომ 26 მაისის დარბევის შემდეგ სახურავზე შემოდებული ორი ცხედარი იპოვეს. ეს ადამიანები აქციაზე იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაიღუპნენ, ჩვენ არ ვიცით, როგორ მოხდა ეს ამბავი. ჩვენ არ ვიცით, ვინ ჩაიდინა ეს.
სამაგიეროდ, ყველანი პირდაპირ ეთერში ვუყურებდთ იმას, თუ როგორ ესროდა 20-21 ივნისის ღამეს პოლიცია ახალგაზრდებს. ესროდნენ სახის არეში, თავში, თვალებში.
იმასაც შეგახსენებთ, რომ 26 მაისის აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, ხელისუფლებას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს არ ჩავატარებინებთო.
მგონი, დროა, დამთავრდეს საუბარი „სისხლიან 9 წელზე“. სისხლიანი ინციდენტები დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ხდება. იმ ცხრა წლის მანძილზე ბევრი უარყოფით რამე მოხდა საქართველოში, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. და სისხლიანობის მხრივაც კი წინა ხელისუფლება ამჟამინდელს ვერ შეედრება.
_ რას გულისხმობთ? რატომ ვერ შეედრება?
_ ამის დამადასტურებელი უამრავი მაგალითი არსებობს. ყველაზე კლასიკურ მაგალითად მაჩალიკაშვილის ამბავი მიმაჩნია. ამის მსგავსი საქართველოს უახლეს ისტორიაში არაფერი მომხდარა. სახელმწიფო ოჯახს სახლში იარაღიანი ხალხით შეუვარდა და 19 წლის შვილი მოუკლა. ასეთი რამე მიხეილ სააკაშვილის დროს რომ ჩაედინათ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, რა ამბებს დაატრიალებდა მაშინდელი ოპოზიცია.
მიშას დროს ბევრი დანაშაული მოხდა საქართველოში, მაგრამ მაჩალიკაშვილის საქმეს არც ერთი მათგანი არ შეედრება.
_ ამის მიუხედავად, ხელისუფლების მომხრეები მოკლულ მაჩალიკაშვილს ტერორისტს ეძახიან. მის მამასაც ლანძღავენ. და ეს ის ხალხია, რომელიც მიშას დროს ვაზაგაშვილის, გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელების დაჭერის მოთხოვნით აქციას აქციაზე მართავდა.
_ აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩემთვის ის დარღვევებიც მიუღებელი იყო, რაც მაშინ ხდებოდა და ის დარღვევებიც მიუღებელია, რაც ახლა ხდება.
როდესაც „ოცნების“ კისერზე მაჩალიკაშვილის საქმეა, მან სხვის სისხლიან მმართველობის 9 წელზე არ უნდა ილაპარაკოს. არ შემეშინდება იმის თქმა, რომ მარტო ეს საქმე გადაწონის იმ 9 წლის მანძილზე მომხდარ დანაშაულებებს.
_ ხშირად ამბობენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება გირგვლიანის საქმემ ჩამოშალა. საინტერესოა, ჩამოშლის თუ არა მაჩალიკაშვილის საქმე „ოცნების“ ხელისუფლებას? თქვენი განცხადებით, ასეთი რამე საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მომხდარა.
_ ვერ გეტყვით, ჩამოშლის თუ არა მაჩალიკაშვილის საქმე „ქართულ ოცნებას“. ახლა ბევრად უფრო რთულად არის საქმე, ვიდრე ეს 2012 წელს იყო.
წინა ხელისუფლების შერყევაში გირგვლიანის საქმემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თუმცა სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, სინამდვილეში, სულ სხვა საქმემ ჩამოშალა.
_ რა საქმემ ჩამოშალა?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოშალა რუსეთის მიერ მოწყობილმა სპეცოპერაციამ, რომელსაც მე „ცოცხების ოპერციას“ ვეძახი.
_ ციხის კადრებს გულისხმობთ, სადაც ჩანს, რომ პატიმრებს ცოცხებით აუპატიურებენ?
_ ეს იყო რუსეთის მიერ მოწყობილი „ცოცხების ოპერაცია“. ეს კადრები რომ არ გამოვარდნილიყო, „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებდა. გირგვლიანისა და სხვათა საქმეებმა სერიოზულად შეარყია ის ხელისუფლება, მაგრამ „ოცნებას“ გამარჯვების შანსი არ ჰქონდა. ამიტომაც დაიდგა ის სპექტაკლი.
_ ეს „ცოცხების ოპერაცია“ დღემდე აქტუალურია და ის ხალხზე დღემდე მოქმედებს.
_ ეს საკმაოდ ჭკვიანურად დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო და ამიტომაც მოქმედებს ამდენი ხნის შემდეგაც.
საერთოდ, რუსული სპეცსამსახურები ძალიან სერიოზულ ბერკეტებს ფლობენ. ისინი ასევე ფლობენ სერიოზულ პოლიტტექნოლოგიებს. მათ შესანიშნავად იციან, თუ რა ჭრის ადამიანებზე.
შავი პიარისა და, ზოგადად, პიარის მეთოდებს რუსები ძალიან მაღალ დონეზე ფლობენ. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ დასავლეთის სახელმწიფოები მათთან ახლოსაც კი ვერ მივლენ. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ რუსულ სპეცსამსახურებს მათზე კარგად ჰყავთ საქართველო შესწავლილი.
_ ამდენი წელი მათ მონობაში ვიყავით და შეგვისწავლიდნენ, აბა, რა იქნებოდა.
_ მათ შესანიშნავად იციან ჩვენი ხასიათი, ჩვენი მენტალიტეტი. კარგად იცნობენ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს. იციან, რაზე ვრეაგირებთ განსაკუთრებით მწვავედ.
რუსულ სპეცსამსახურებს საქართველოში ჯერ კიდევ სერიოზული ბერკეტები აქვთ და ამიტომაც თავისუფლად და წარმატებულად მოქმედებენ.
ამ და სხვა მიზეზების გამო მათთვის საქართველოში საკუთარი მიზნების მიღწევა ადვილია. „ცოცხების ოპერაციით“ მიაღწიეს კიდევაც სასურველ მიზანს.
მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი დამოკიდებულება „გირგვლიანის საქმეზე“: ეს იყო ამაზრზენი მოვლენა, მაშინდელი ხელისუფლება ძალიან ცუდად მოიქცა ამ საქმეში, მაგრამ ეს ხელისუფლებას ვერ ჩამოშლიდა.
ამის გარდა, მე „გირგვლიანის საქმეს“ ვერ შევადარებ „მაჩალიკაშვილის საქმეს“. „მაჩალიკაშვილის საქმე“ ბევრად მძიმეა.
_ რატომ არის უფრო მძიმე?
_ იმიტომ, რომ მაჩალიკაშვილი სახელმწიფომ მოკლა. სანდრო გირგვლიანი სახელმწიფოს არ მოუკლავს.
_ სპეცოპერაციის დროს არ მოკლეს, მაგრამ გირგვლიანი მაღალჩინოსნების დაკვეთით სხვა მაღალჩინოსნებმა მოკლეს.
_ ასე იყო და ეს საქმე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ მძიმე საქმედ დარჩება. ამის მიუხედავად, კიდევ ვიმეორებ, რომ მაჩალიკაშვილის საქმე ბევრად უფრო მძიმეა.
სანდრო გირგვლიანი მოკლეს სუფრაზე მომხდარი შელაპარაკების გამო. მაშინ ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებმა ითავხედეს და ადამიანი დასაჯეს, რაც ამ უკანასკნელის სიკვდილით დასრულდა.
მაჩალიკაშვილის შემთხვევაში 19 წლის ბიჭი პირდაპირ სახელმწიფომ მოკლა. სპეცრაზმი შევარდა სახლში და, უბრალოდ, მოკლეს ბავშვი! ამას არც შელაპარაკება უძღოდა წინ და არც _ შეტაკება.
რაც არ უნდა მოიგონონ, არანაირი გამართლება არ აქვს 19 წლის ბავშვის დახვრეტას. ამიტომ ვამბობ, რომ სიმძიმით ამ საქმეს ვერანაირი სხვა საქმე ვერ შეედრება.
_ იმ აქციებზეც მინდა გკითხოთ, რომელიც ახლა მიმდინარეობს: ახალგაზრდები საკმაოდ აქტიურად გამოხატავენ პროტესტს _ სახელმწიფო სტრუქტურებს აბოქლომებენ. ეს გამართლებულია?
_ ძალიან მომწონს და მიხარია, რომ ახალგაზრდები ასე აქტიურობენ. აქტიურობისა და პროტესტის გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებელია.
_ ამ აქტიურ ახალგაზრდებს ხელისუფლება აპატიმრებს. არადა, სააკაშვილის დროს ის ახალგაზრდები არავის დაუჭერია, რომლებიც მიშას რესტორან-რესტორან დასდევდნენ. მაშინაც დააკავეს რამდენიმე პირი, მაგრამ ათეულობით ახალგაზრდა არ დაუკავებიათ.
_ ნახეთ, რა განსხვავება იყო მაშინდელ პოლიტიკასა და დღევანდელ პოლიტიკას შორის, _ მაშინ მიშას დასდევდნენ, რას ჭამსო, ახლა ახალგაზრდები ოკუპაციას აპროტესტებენ. დღეს ხალხი ქუჩაში კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა საკითხმა გამოიყვანა _ რა სახის არჩევნები ჩატარდება საქართველოში.
_ ხელისუფლება ამბობს, რომ ხალხისთვის სულერთია, რა ტიპის არჩევნები ჩატარდება.
_ ეს მათ უნდათ, რომ ასე იყოს, მაგრამ ხალხისთვის ეს სულერთი აღარ არის. ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ახლა ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
დემოკრატიის სადარაჯოზე მდგარ ახალგაზრდებს რომ აპატიმრებენ, ეს ნათლად მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი გათავხედებულია.
_ ზოგის თქმით, ასეთი რეპრესიები იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება მთავრდება.
_ ამის ნიშნებიც არის, სახეზეა ერთგვარი აგონიაც, მაგრამ გააჩნია, რამდენად შორს წავა ეს პროცესები. როდესაც მიშას წინააღმდეგ იყო დაწყებული საპროტესტო მოძრაობა, ამის უკან რუსეთი იდგა, ამიტომაც შეძლო მაშინდელმა ოპოზიციამ შედეგის დადება. ახლანდელი ოპოზიციის უკან რუსეთი არ დგას.
_ და გგონიათ, რომ ამიტომ შედეგიც არ იქნება?
_ ადრე თუ გვიან, შედეგი მაინც დადგება, მაგრამ ახლანდელ ოპოზიციას გაცილებით ნაკლები პერსპექტივა აქვს ხელისუფლებასთან ბრძოლაში.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ „ცოცხების ოპერაციით“ მოყვანილ ივანიშვილს რუსეთი ჯერ ისევ მხარს უჭერს.
_ შევარდნაძის გადაყენება როცა მოხდა, მაშინდელ ოპოზიციასაც რუსეთი უჭერდა მხარს?
_ მაშინ ცოტა სხვანაირად იყო საქმე. შევარდნაძესთან დაკავშირებით რუსეთი და დასავლეთი შეთანხმდნენ.
მოსკოვი და დასავლეთი მაშინ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შევარდნაძე ამორტიზებული იყო და ის უნდა ჩანაცვლებულიყო. რაც მთავარია, თავად შევარდნაძემაც იცოდა ეს.
მაგიტომაც აღარ გაუწია მაშინ შევარდნაძემ ოპოზიციას წინააღმდეგობა. იცოდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. ის თავის ბატონად აღიქვამდა როგორც რუსეთს, ასევე _ დასავლეთს. და რაკი ორივე მის წასვლაზე შეთანხმდა, ისიც გადადგა.
დღევანდელი ხელისუფლების უკან რუსეთი დგას და ეს მაფიქრებინებს, რომ ოპოზიციას უფრო ნაკლები პერსპექტივა აქვს.
რუსეთი თუ ჩათვლის, რომ ივანიშვილს ყავლი გაუვიდა და მისი მომსახურება აღარ არის საჭირო, მაშინ შეცვლიან მას, ოღონდ ამ შემთხვევაშიც არ იქნება ჩვენ სასიკეთოდ საქმე.
_ რატომ?
_ ივანიშვილის შეცვლის გადაწყვეტილება თუ რუსეთმა მიიღო, რუსეთივე გადაწყვეტს, ვინ ჩაანაცვლებს ოლიგარქს.
ახლა დღის წესრიგში უკვე დგება შემდეგი საკითხი: რამდენად მისაღები იქნება ჩვენთვის ის სხვა. დარწმუნებუილი ვარ, რომ ის სხვაც არ იქნება საქართველოსთვის სიკეთის მომტანი.
ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოში დღეს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება აუცილებელია. თუმცა აქაც არის პრობლემა _ რუსეთმა შეიძლება, არ დაუშვას, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. აი, ეს არის დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა.
_ ზემოთ თქვით, რომ ჩვენზე გავლენა დასავლეთს ჯერ კიდევ აქვს. მათი განცხადებები არაფერს ნიშნავს? დასავლეთი ღიად ითხოვს, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს.
_ დასავლეთის სიტყვა ბევრ რამეს ნიშნავს და მათ ნათქვამსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ვამბობ, რომ ამ ხელისუფლების უკან მოსკოვი დგას, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ დაუძლეველ ფაქტორთან გვაქვს საქმე. ამის დაძლევაც შეიძლება.
_ როგორ?
_ მონდომებით. ჩვენმა საზოგადოებამ უფრო აქტიურად უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ საქართველოში 2020 წელს არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. ამ ბრძოლაში დასავლეთის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ ქვეყნის შიგნით შესაბამისი აქტივობა თუ არ იქნა, ამას მარტო დასავლეთის მხარდაჭერა ვერ უშველის.
_ ის აქტიურობა, რაც დღეს არის, საკმარისია, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს?
_ ზოგჯერ ეს აქტიურობა აშკარად იგრძნობა, ზოგჯერ საერთოდ არ არის აქტივობა. მიმაჩნია, რომ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. საზოგადოებამ უნდა შეიგნოს, რომ ეს არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტია.
ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სირცხვილია, მთელ საზოგადოებას თავზე აჯდეს ერთი ადამიანი და ის თავის ნებაზე პარპაშობდეს.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ადამიანს მილიარდები აქვს და რაც მთავარია, მარტო არ არის, მას რუსეთი უჭერს მხარს. რუსეთის ფაქტორი რომ მოიხსნას, დარწმუნებული იყავით, ეს ადამიანი საქართველოში ერთი წამითაც კი არ გაჩერდება.
ძალიან მიხარია, რომ საზოგადოება დემოკრატიულ არჩევნებს ითხოვს, მაგრამ ამის პარალელურად ოკუპაციაც უნდა გააპროტესტონ. ოკუპაციის პრობლემის მოგვარება მხოლოდ დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებას შეუძლია.
იმას არ ვამბობ, რომ დემოკრატიული გზით ავირჩევთ თუ არა ხელისუფლებას, უმალ გადაიჭრება ოკუპაციის პრობლემა, მაგრამ ბევრად უკეთესი მდგომარეობა ნამდვილად იქნება.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

“ქრონიკა+”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 2, 2019 18:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics