ბექა ლილუაშვილი TANAP-ის პროექტზე – საქართველოს აქვს ნაკისრი ეკონომიკური და პოლიტიკური ხიდის ფუნქცია და ეს არის ქვეყნისთვის დიდი პასუხისმგებლობა

საქართველო TANAP-ის პროექტში შემოიფარგლება არა მხოლოდ გეოგრაფიული ან ინფრასტრუქტურული არეალით, არამედ ნაკისრი აქვს ეკონომიკური და პოლიტიკური ხიდის ფუნქცია და ეს არის ქვეყნისთვის დიდი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა სამხრეთის გაზის დერეფნის (TANAP) პროექტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი გულისხმობს ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხოების ზრდას და რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების შემცირების მიღწევას.

„TANAP-ის პროექტი ეს არის ევროკავშირის მიერ ინიცირებული სამხრეთ გაზის დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, გულისხმობს ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხოების და დივერსიფიკაციის ზრდას და როგორც შედეგი, რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების შემცირების მიღწევას.

სამხრეთის გაზის დერეფნის ძირითადი როლი არის ის, რომ აზერბაიჯანიდან გაზის გატარება მოხდეს საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით ევროპაში. როგორც პოლიტიკური შინაარსი ამ პროექტის, ბუნებრივია, რომ ის სრულიად თანხვედრაშია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – ევროკავშირის და აშშ-ს ინტერესებთან“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ბექა ლილუაშვილი რამდენიმე დღის წინ თურქეთში, აღნიშნული პროექტის გახსნის ღონისძიებას შეეხო, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა და აღნიშნა, რომ პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლიდან სამხრეთ გაზის დერეფანი დაიწყებს დატვირთვას და ეს დატვირთვა ეტაპობრივად გაიზრდება.

„უშუალოდ TANAP-ს რაც შეეხება, ეს არის სამხრეთ გაზის დერეფნის თურქეთის მონაკვეთი, ანუ ის მილსადენი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის. რაც შეეხება საქართველოს როლს მთელ ამ პროცესში, ცალსახაა, რომ საქართველოს როლი მთელ ამ პროცესში შემოიფარგლება არა მხოლოდ გეოგრაფიული ან ინფრასტრუქტურული არეალით, ეს ფართოდ სცდება ამ ჩარჩოებს. საქართველოს აქვს ნაკისრი ეკონომიკური და პოლიტიკური ხიდის ფუნქცია და ეს არის ქვეყნისთვის დიდი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი – TANAP-ის პროექტის შედეგად ვისარგებლებთ 1,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზით შეღავათიან პირობებში
შემდეგი სტატიათამარ ჩხეიძე: „ოცნების“ ხელისუფლება „ნაციონალებზე“ უფრო სისხლიანია“