თამარ ჩხეიძე: “დიქტატურა აქტიურ ფაზაში შევიდა”

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატს თამარ ჩხეიძეს

_ თუ ადრე ოპონენტები საქართველოში “ოცნების”  მმართველობას არაფორმალურს უწოდებდნენ, ამ დღეებში უკვე გამოიყენება ტერმინი “დიქტატურა”. არის დიქტატურის ნიშნები?
_ სამწუხაროდ, ეს უბრალოდ ნიშნები აღარ არის. ჩვენ ფუნქციონირებადი დიქტატურა გვაქვს. დიქტატურა აქტიურ ფაზაში შევიდა. ვიღაცა იტყვის, რომ ეს ნამდვილი დიქტატურა არ არის. ეს არის სწორედ ის ფორმა, რომელიც შესაძლებელია არსებობდეს ჩვენს ეპოქასა და ჩვენს გარემოში. თანამედროვეობაში ამაზე მეტი რეაქცია და რეპრესია წარმოუდგენელია.
_ რისთვის უნდა იყოს საჭირო ასეთი მეთოდები?
_ პირველ რიგში, ეს სჭირდება რუსეთს, რომლის მითითებებსაც ასრულებს ივანიშვილი და მისი `ქართული ოცნება~. ძალადობა და ოპონენტების დევნა, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ამ ხელისუფლებას ყოველთვის ახასიათებდა, მაგრამ ბოლო დროს ამან შეტევის ხასიათი მიიღო. ხელისუფლება რუსეთის საამებლად ანგარიშს უსწორებს ყველას, ვინც რუსეთის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ეს მკაფიო გახდა 20-21 ივნისის მოვლენების დროს. იმ ავადსახსენებელ ღამეს ქუჩაში გამოსულ თანამოქალაქეებს ისე სასტიკად გაუსწორდნენ, რომ ბევრი მათგანი ცოცხალი შემთხვევით გადარჩა. ადამიანებს დასთხარეს თვალები.
_ 15-მდე ადამიანი დააკავეს კიდეც.
_ მაშინ, როცა ხალხს დაერივნენ, არავინ არაფერს აშავებდა. საუბარი იყო მოლაპარაკებებზე. სახელმწიფო გადატრიალების ვინმესთვის დაბრალება საერთოდ სასაცილოა. ასე რომ არ დარეოდა ხალხს ხელისუფლება და ნორმალურად დაემყარებინა წესრიგი, მას არავინ გაკიცხავდა, თუნდაც, დაეკავებინათ წესრიგის დამრღვევები. 9 აპრილის ღამესავით ადამიანებს მისდევდნენ პარლამენტიდან საკმაოდ მოშორებით და უსწორდებოდნენ. 1989 წელს ეს რუსეთმა გააკეთა როდიონოვის რაზმის ხელით, 2019 წელს კი – ქართველების დახმარებით.
_ ბოლო დღეებში რეპრესირებულში მოიხსენიებენ პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილს, ასევე ბიზნესმენებს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს.
_ ისინიც რეპრესიებში მოყვნენ. არა მგონია, ირაკლი ოქრუაშვილი დაეკავებინათ, რაც უნდა ეაქტიურა, რომ არა რუსთავი 2 და მისი განცხადებები ამ ტელეკომპანიის შესახებ. ამ საკითხშიც ძალიან აშკარაა ამ ხელისუფლებისა და რუსეთის დაინტერესება ამ არხის დადუმებით. სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილების წინ რუსეთის ოფიციალური პირები პირდაპირ ამბობდნენ, მოგვაშორეთ რუსთავი 2-ო.
_ რაზე მიანიშნებთ?
_ ჩვენთან, ფაქტობრივად, ყველა გამორიცხავს, რომ რუსეთს შეეძლო ევროსასამართლოზე გავლენის მოხდენა. მთლიანად ამ ინსტიტუტზე რუსეთს ხელი არ მიუწვდება, მაგრამ ის გადაწყვეტილება 6-კაციანმა ჯგუფმა მიიღო. აქედან ერთი ქართველია _ ჭანტურია, მეორე კი _ აზერბაიჯანელი. დანარჩენ 4 ადამიანზე რუსეთის ზემოქმედება, თუნდაც ამ პირების მოსყიდვა ფანტასტიკის სფერო არ არის. დოკუმენტურად ვერ დავამტკიცებ, მაგრამ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
რუსეთის ფედერაცია ერევა საერთაშორისო და ევროპული სტრუქტურის მუშაობაში და არც მექრთამეობაა გაუგონარი მოვლენა.
ივანიშვილის ხელისუფლება შემჩნეულია ალიევის ინტერესების გატარებაში. ისინი ერთად ებრძვიან აზერბაიჯანელ დისიდენტებს. მარტო აფგან მუხთარლის საქმე რად ღირს! ევროსასამართლოს კოლეგიაში შემავალი აზერბაიჯანელი მოიქცეოდა ისე, როგორც ეს რუსეთსა და ივანიშვილს აწყობთ. თავისუფალი აზრის ჩასახშობად და რუსთავი 2-ის გასანადგურებლად `ქართული ოცნება~ დიდი ხანია, იბრძვის. ამაზე განცხადებები აქვთ გაკეთებული ივანიშვილს, კალაძეს, ვოლსკისა და სხვებს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ივანიშვილი რამდენიმე ტელეწამყვანს შეხვდა. იქ მან განაცხადა, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს მიხედავს.
_ რუსთავი 2-ს უკვე მიხედეს?
_ ხელისუფლების აზრით, მიხედეს. რუსთავი 2-ის კოლექტივზე არ ვამბობ, მაგრამ, ვისაც ეკუთვნოდა, შესაბამისი იურიდიული პასუხი უნდა გაეცა. არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი პასუხი ამიერიდან გაეცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას და სტრასბურის დიდმა პალატამ სხვა განაჩენი გამოიტანოს.
_ ნიკა გვარამიამ შეიძლება სხვა ტელევიზია გააკეთოს.
_ მეც შევიტყვე ამის შესახებ, მაგრამ რუსთავი 2-სთვის ბრძოლა აუცილებელია. რაც მეტი კარგი ტელევიზია გვექნება, მით უკეთესია. რუსთავი 2-ის დათმობა არაფრით არ შეიძლება.
_ ოქრუაშვილის დაკავებას რუსთავი 2-ს უკავშირებთ. ხაზარაძისა და ჯაფარიძისათვის ბრალის წაყენებაზე რას იტყვით?
_ პირველ რიგში, ამის მიზეზია ანაკლიის პორტი. რუსეთს, რომელიც ივანიშვილს მართავს, არ უნდა საქართველოში ასეთი ნავსადგურის არსებობა. ეს ბიზნესმენები სწორედ მისი მშენებლობით არიან დაკავებული. გარდა ამისა, ხაზარაძემ გამოაცხადა, რომ ქმნის საზოგადოებრივ მოძრაობას.
ეს ორი მომენტია გადამწყვეტი, რის გამოც მათ დევნიან. საუბედუროდ, ამ დევნას ახლავს დიდი ზარალი. ზარალდება სახელმწიფო. რუსეთს სწორედ ეს უნდა.
დღეს ხორციელდება დივერსია საქართველოს მიმართ. მათ დაკავებაზე თავი შეიკავეს აშშ-ის რეაქციის გამო. ძალიან მაწუხებს, რომ რეპრესიებში ნაკლებად ცნობილი და უცნობი ადამიანები მოჰყვნენ. ისინი უფრო მეტად არიან დაუცველნი. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანია მეცნიერი ბეჟან ლორთქიფანიძე. 21 ივნისის ღამეს ისიც პარლამენტთან იმყოფებოდა, ხმა ამოიღო იმ ძალადობაზე, რაც ნახა. არანაირი გადატრიალება და ამბოხი არ კაცს არ უნდოდა.
_ მომავალში რა იქნება? ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს?
_ მნიშვნელოვანია დასავლეთის გამოხმაურება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებაზე. თუ საზოგადოება შესაბამის წინააღმდეგობას გასწევს, რეპრესიები შეწყდება.
1937 წელს სხვა კი არაფერი ხდებოდა! ახლაც იგივეა, რაც იმ საბჭოთა დროს. უბრალოდ, სხვა დროა და სხვა გარემო, განსხვავებული მოდელი მოქმედებს. ივანიშვილი ემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის. მას უნდა, რომ ეს არჩევნები დადუმებულ, ჩახშობილ, ნაკლებად კონკურენტულ სიტუაციაში და `დაჩმორებულ~ საზოგადოებაში ჩაატაროს.
ხალხმა ეს არ უნდა დაუშვას.

ავტორი: მარიამ მჭედლიშვილი

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანელ მესაზღვრეებს გადაკეტილი აქვთ უდაბნოს მონასტრის მთელი პერიმეტრი
შემდეგი სტატიაბინიდან მობინადრეთა გამოსახლების პროცესის დაჩქარება ქრთამის სანაცვლოდ – დაკავებულია ერთი პირი