თალაკვაძის, კალაძის და კობახიძის ფრთა ოპოზიციას გახარიას წინააღმდეგ გაურიგდა

 

 

რატომ არაფერი შეიცვლება გახარიას გადადგომით, რა ფარული გარიგებაა “ოცნებასა” და ოპოზიციას შორის, ვის სურს ივანიშვილის დასუსტება? – ამ თემებზე “ახალ თაობას”  ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.

– საზოგადოების დიდი ნაწილი შს მინისტრის გადადგომას ითხოვს. ამ დროს თქვენ სოციალურ ქსელში წერთ, რომ გახარიას წასვლით და მის ადგილზე სხვახარიას დანიშვნით არაფერი შეიცვლება. თქვენი აზრით, გახარია უნდა დარჩეს თანამდებობაზე?
-მოდით, ყველამ გავუსწოროთ რეალობას თვალი. ჩემთვის სრულებით გაუგებარი იყო გასულ კვირას “ქართული ოცნების”  მიერ გავრცელებული განცხადება. რომლითაც მმართველმა პარტიამ გახარიას მომხრეებს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ შს მინისტრის მხარდამჭერი აქციის გამართვისგან.
სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, რას ნიშნავს ტერმინი გახარიას მომხრეები, როდესაც განცხადებას `ოცნება~ აკეთებს. განცხადების ტექსტს ფსიქო-ლინგვისტური პასაჟებით თუ შევხედავთ, გასაგები ხდება, რომ მმართველ გუნდში შს მინისტრის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც უხვად არიან.
ასეთ განცხადებას, როგორც წესი, პოლიტსაბჭო აკეთებს. შესაბამისად, პარტიული ხელმძღვანელობა რაღაცნაირად გაემიჯნა მინისტრს. ამ ფონზე საინტერესო გახდა მოვლენების სხვა რაკურსით და პოლიტიუმორისტული პასაჟით დანახვა.
იუმორის და ხუმრობის დრო ახლა ნამდვილად არ არის, მაგრამ საინტერესოა, როგორ მოახერხა მმართველმა პარტიამ ის მინისტრი გაეწირა, რომელმაც მათი ბეწვზე დაკიდებული არსებობა გადაარჩინა.
_ თუ გუნდმა მართლა გაწირა გახარია, ეს სასაცილო უკვე აღარ არის.
_ იუმორისტული კუთხით თუ არ შევხედავთ, აქ ბევრი სხვა მომენტი ჩანს. საქართველოში ბოლო წლებში მრავალი დარბევა და დაშლა გვახსოვს, მაგრამ არცერთ მინისტრს ამაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია. მოქმედმა შს მინისტრმა აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
_ მან თქვა, რომ მე პასუხისმგებელი ვარ მიუხედავად იმისა, თუ ვინ გასცა ბრძანებაო. ამ განცხადებამაც გააჩინა კითხვის ნიშნები.
_ ამით მინისტრმა რაღაც ბრჭყალები დატოვა. ამას მოჰყვა “ოცნების”  ის ცნობილი განცხადება. ამით დაიწყეს გახარიას დაშანტაჟება. რაღაცნაირად გუნდიდან გამიჯნეს და მის მომხრეებს გაჩერებისკენ მოუწოდეს.
“ოცნებაში” მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ვისურვებდი, რომ ამ ეტაპზე შს მინისტრი არ გადამდგარიყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ამ ადამიანის მხარდამჭერი ვარ.
მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ნებისმიერმა პოლიტიკურმა პერსონამ თავის ქმედებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. აქედან გამომდინარე კარგი იქნებოდა, თუ ბატონი გახარია 21 ივნისს გადადგებოდა. შესაძლოა, გადამდგარიყო კიდევაც, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც ისე არ არის.
ამის მანიშნებელია მინისტრის განცხადება ბრძანების გამცემზე და ამით შეშინებული “ოცნების” განცხადება, რომელიც მინისტრს გაემიჯნა.
_ აშკარაა, რომ გახარია `ოცნებაში~ არ უყვართ. გასული წლის ივნისში დათუნა სარალიძის საქმეზე სერიოზული გამოსვლები იყო. თავიდან იქ მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ, მაგრამ მერე მხოლოდ გახარიაზე შეჩერდნენ. მაშინ ითქვა, რომ ამის უკან კვირიკაშვილი იდგა, რომელმაც წელს უკვე ღიად მოითხოვა ქვეყნის მთავარი პოლიციელის გადადგომა.
_ შიდა გუნდური ბრძოლა მის წინააღმდეგ შარშანაც მიმდინარეობდა. გახსოვთ ალბათ, ეს ადამიანები გასულ წელს ერთხმად იძახდნენ, საქართველოში სიღარიბე დავამარცხეთო. და მერე უცებ ნახეს გაეროს კვლევა, ერთი ამბავი ატეხეს, ეს რა მძიმე დღეში უცხოვრია საქართველოში ხალხსო.
“ქართული ოცნების” იმ ფრთამ, რომელმაც გახარიას მომხრეებს მოუწოდა, ჭკვიანად ყოფილიყვნენ, თვითლუსტრაცია მოახდინა ბევრი მიმართულებით.
ახალგაზრდობა, რომელიც რუსთაველზე მომდინარე აქციებში მონაწილეობს, არის სრულიად გულწრფელი. იქ მდგარ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებით კი, რომელიც შს მინისტრის გადადგომას ასე დაბეჯითებით ითხოვს, სრულიად სხვა განცდა მაქვს.
ეს ის ხალხია, რომელსაც ერთი ფრაზითაც კი არ გაუპროტესტებია ირაკლი კობახიძის პარლამენტში დარჩენა. არადა სწორედ კობახიძეა ის ადამიანი, რომელმაც გამოიწვია 20 ივნისს განვითარებული მოვლენები. ასეთი პერსონა არათუ დატოვეს პარლამენტში, არამედ ივანიშვილმა მთავარ მომლაპარაკებლად დასვა ოპოზიციასთან.
ამას არავინ არ აპროტესტებს. არავინ ითხოვს, რომ კობახიძემ პარლამენტი დატოვოს. ვრცელდება ინფორმაციები, რომ მას ან უზენაეს სასამართლოში გადაიყვანენ, ან – საკონსტიტუციოში.
როდესაც ოპოზიცია ამაზე არ რეაგირებს, ეს მე მის დიდ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია. ახლა უფრო რთულ სიტყვას არ გამოვიყენებ.
როდესაც პოლიტიკური პროცესების მწყობრი გააზრება არ არსებობს და ცალკეული პოლიტიკური გუნდები თუ პერსონები ცდილობენ, ამ ვითარებაში საკუთარი მომავალი გამოძერწონ, დიდი ბოდიში, მაგრამ მათ საქართველოს ბედზე მაფიქრალებად ვერ აღვიქვამ. ვერ აღვიქვამ თუნდაც მათი წარსული მოღვაწეობიდან გამომდინარე. აქვე დავაკონკრეტებ, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ ვგულისხმობ.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის გამუდმებული ძახილი – გახარია უნდა წავიდეს – შეთანხმებულია “ოცნების” იმ ფრთასთან, რომელმაც მოაწყო ზატულინის პროვოკაცია.
_ ზატულინის პროვოკაციაში რას გულისხმობთ?
_ 20 ივნისის მოვლენებს ყველა გავრილოვის პროვოკაციად მიიჩნევს, მე კი ამას ზატულინის პროვოკაციად ვთვლი. ზატულინი გახლავთ სწორედ მართლმადიდებელ ქვეყანათა საპარლამენტო ასამბლეის დამფუძნებელი. საერთაშორისო ასპექტებს თუ შევხედავთ, პროვოკაციის თანამონაწილე გახლავთ ასამბლეის ბერძენი თანათავმჯდომარე.
მოდით, ზატულინს თავი დავანებოთ და პრაგმატულად შევხედოთ მოვლენებს. ვინ ურიგდება `ოცნების~ ნეოკომკავშირულ გუნდს, რომელიც პარლამენტის და პარტიის მთავარ ბირთვად რჩება?! ეს კრიზისი ამ გუნდის მიერ არის შექმნილი და ახლა ცდილობენ, ხელი აღმასრულებელ ხელისუფლებას და კონკრეტულად გახარიას შეაწმინდონ.
პოლიტიკურმა ოპოზიციამ ასევე ძალიან კარგად იცის, რომ 20 ივნისის ღამით პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დარბევამდე 10 წუთით ადრე თქვა, რომ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი მათი სტილი არ არის.
უკაცრავად, მაგრამ გახარიამ თუ საგანგებო დავალებათ დეპარტამენტმა მასთან შეთანხმების გარეშე დაიწყო რეზინის ტყვიების სროლა? ოპოზიცია მისი პასუხისმგებლობის საკითხს რატომღაც არ აყენებს. მეტსაც გეტყვით, შეგნებულად ხდება მისი პერსონის გაუბრალოება
_ რას გულისხმობთ მისი პერსონის გაუბრალოებაში?
_ ოპოზიცია ასე ამბობს, ბახტაძეს მაინც არავინ არაფერს არ ეკითხება. ამას იმიტომ ხომ არ აკეთებენ, რომ მოსახლეობის ზურგს უკან კიდევ რაღაც ხდება და ვიღაცები ერთმანეთს ურიგდებიან. ზოგი ფულის გამო მიდის გარიგებაზე, ზოგიც – მომავალი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად.
სხვანაირად რითი უნდა ახსნან, რომ შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ და მის გვერდზე მყოფი პრემიერის გვარსაც კი არ ახსენებენ. ცნობისთვის, ბახტაძე მთავრობის მეთაურია და შს მინისტრზე მაღლა დგას,
_ ბახტაძე პრემიერი კი არის, მაგრამ ოპოზიციის გარეშეც ხომ კარგად ვიცით, რომ მას მართლა არაფერს არ ეკითხებიან.
_ ერთია, რომ არაფერს ეკითხებიან, მაგრამ მეორეა პასუხისმგებლობა. ბახტაძე პრემიერია და მანაც უნდა აგოს მომხდარზე პასუხი.
გავითვალისწინოთ ისიც, რომ 20 ივნისის ღამე არ იყო პანკისი, სადაც გიორგი გახარია ჩავიდა მარტო და სადაც ის ფაქტის წინაშე დააყენეს.

თბილისში სულ სხვა მოცემულობა იყო -20 ივნისის ღამეს მთავრობა პარლამენტში თითქმის სრული შემადგენლობით იყო შეკრებილი და, რაც მთავარია, პრემიერი იქ იყო. ძალის გადამეტებაზე და დაშავებულ ადამიანებზე მასაც უნდა მოეთხოვოს პასუხი.
ესენი მარტო გახარიაზე ლაპარაკობენ და ჰგონიათ, რომ ვერაფერს ვხვდებით. ეს პოლიტიკური ვირეშმაკობები ოდესღაც ხომ უნდა დასრულდეს. ასევე უნდა დასრულდეს ხალხის ხარჯზე ოპოზიციის ცალკეული ჯგუფების გარიგება ხელისუფლებასთან.
მაინც არ მესმის, საპარლამენტო რესპუბლიკაში რატომ არ ვთხოვთ პასუხისმგებლობას ირაკლი კობახიძეს, რომლის სპიკერობის დროს შეიქმნა ეს პოლიტიკური კრიზისი.
გაგახსენებთ იმასაც, თუ რა იყო 20 ივნისს ხალხის და ოპოზიციის ერთადერთი მოთხოვნა. ისინი ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვდა. ის იმ მომენტში არ გადადგა და ამას მოჰყვა ყველაფერი.
ამ კრიზისის გამომწვევმა თქვა, რომ პასუხისმგებლობას იღებს და გადადგა, მას არავინ აღარ ახსენებს და გახარიას გაიძახიან. თუკი ეგრეა, მაშინ იმანაც თქვა, ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობასო. ეგეც ადგება და გადავა მინისტრის მოადგილედ. აი, ეს არის პოლიტიკური ვირეშმაკობა.
ამ ვირეშმაკობაში ჩვენი პოლიტიკური ოპოზიციის აბსოლუტურ უგუნურობასაც ვხედავ. სიმართლე თუ გინდათ გითხრათ, არ არის ეს უგუნურობა. ეს გონივრულად გადადგმული ნაბიჯია.
კარგით, ვთქვათ, გადადგა გახარია და მის ნაცვლად მოვიდა სხვახარია, ამით პოლიტიკურად რა იცვლება. თქვენ როგორ გგონიათ, მან არ იცის, რისთვის ზის ვანო მერაბიშვილი ციხეში?!
პოლიციის კორდონს რომ მოეხსნა ჯაჭვი და ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შეეშვათ, რამდენი სამართალდამცავი იქნებოდა დღეს სამსახურიდან გათავისუფლებული ანდა დაკავებული? ამაზე იფიქრა ვინმემ?
ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის ადამიანის უფლებები, მაგრამ ნებისმიერი ადამიანის უფლება იზღუდება იქ, სადაც წინა პლანზე გამოდის სახელმწიფოს უფლება. ამ შემთხვევაში ვერც იმაზე ვიდავებთ, რომ პოლიციას არ უნდა გამოეყენებინა ძალა.
_ ძალას გააჩნია. საკითხავი ისაა, რამდენად პროპორციული ძალა იქნა გამოყენებული?
_ ამაზე შეგვიძლია ვიდავოთ, მაგრამ იმაზე არა, რომ პოლიციას ძალა უნდა გამოეყენებინა. ის, ვინც ამას ამბობს, სახელმწიფო ინსტიტუციის ნგრევის მომხრეა. ისინი პირდაპირ ეუბნებიან პოლიციას, შენ სახელმწიფო კი არ უნდა დაიცვა, არამედ მე უნდა დამიცვა, როცა ხელისუფლებაში მოვალ.
ისევ ბახტაძეს მინდა დავუბრუნდე. გახსოვთ, აქამდე ოპოზიცია მას დედას ბუშტს რომ ეძახდა? ახლა იგივე ხალხი გაიძახის, დედა, რა ბედნიერია ბახტაძე, მის გვარსაც კი არავინ ახსენებს. იმასაც ამატებენ, ბულკივით ბიჭია და არაფერზე პასუხს არ აგებს. ეს არის მიზანმიმართული ნარატივი.
ისე არ გამიგოთ, თითქოს ბახტაძის გადადგომას ვითხოვ, უბრალოდ, ოპოზიციის მიკვირს _ მათ იციან, რომ ეს პერსონა დარბევის დროს იქ იყო და მის გადადგომას არ ითხოვენ.
ვერც იმას გავიგებ, როგორ არ აპროტესტებენ პარლამენტში ირაკლი კობახიძის დარჩენას, რომლის სინდისზეც არის ის, რაც 20 ივნისს მოხდა. იმის მაგივრად, რომ პარლამენტიდან მისი გაგდება მოითხოვონ, მასთან ერთად პროპორციულ სისტემაზე მსჯელობენ. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ეს ოპოზიცია გარიგებაშია “ქართული ოცნების” კონკრეტულ ფრთასთან.
_ რომელ ფრთასთან არიან გარიგებაში, შეგიძლიათ გვითხრათ?
_ ეს გახლავთ კობახიძის, თალაკვაძის, კალაძის ფრთა. “ოცნების” მთავრობაში ყველაზე ჩამოყალიბებული ფიგურა იყო გახარია. რომელსაც უკავია შს მინისტრის და ვიცე-პრემიერის, ასევე უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი. შესაბამისად, მისი, როგორც საყრდენის, გამოცლა იქნება ბიძინა ივანიშვილის დასუსტება. ოპოზიციას ეს გათვლა აქვს.
ამიტომაც ითხოვენ გამუდმებით მის გადადგომას. შს მინისტრის გადადგომა მაისში, პანკისის მოვლენების გამოც მოითხოვეს. ზუგდიდშიც სერიოზული ფონი მზადდებოდა ამ პროცესებისთვის _ ოპოზიციის მიზანი იყო და არის გახარიას პოლიტიკური მოკვდინება.
ჩვენც რომ ვიყოთ ოპოზიციაში, ჩვენც უნდა მოგვეთხოვა გახარიას გადადგომა. ძლიერი ვინც არის, ის უნდა მოიშორო, თორემ აგერ კობახიძესთან მშვენიერი ურთიერთობა აქვთ.
_ ოპოზიციის სურვილი გავიგე, მაგრამ გახარიას ამბავში მათთან რატომ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები გარიგებაში შესული? მათაც აწყობთ ივანიშვილის დასუსტება?
_ რა თქმა უნდა, აწყობთ. ისინი სამომავლოდ ბიძინა ივანიშვილთან თავის პერსპექტივას ვერ ხედავენ. მალე გამოვლინდება მათი ნამდვილი სახე და ოპორტუნიზმი, ისინი გახდებიან ივანიშვილის პირველი მესაფლავეები.
არც კვირიკაშვილი გამოვარდნილა იმ დღეებში ტყუილად გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ისიც ამათთან არის ალიანსში, ფაქტიურად ერთი გუნდი არიან.
კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მესმის ახალგაზრდების პროტესტის, მაგრამ არ მინდა, რომ მათი და ჩვენი ემოციებით პოლიტიკოსებმა ივირეშმაკონ.
გაგახსენებთ მღებრიშვილის შს მინისტრობას, როცა ბათუმი კინაღამ გადაწვეს. მაშინ შს მინისტრის გადადგომა არავის არ მოუთხოვია. არც სხვა დროს გვსმენია სერიოზული კრიტიკა მისი მისამართით. რატომ? ჩემოდნებით მისდიოდათ ფული. ახლა გახარიამ დახურა ეს არხი და ამიტომ ატეხეს ერთი ამბავი? ეგრე არ გამოვა.
_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გახარიასაც ხომ მოუვიდა ზედმეტები. თუნდაც ის, რომ ყველაფრის გაკონტროლება მოინდომა?
_ მოინდომა. ის ზედმეტად თავდაჯერებული გახდა და რაღაცები გამოეპარა. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ “ოცნების” წევრების ინტელექტის ფონზე, ეს ნამდვილად კაშკაშა ვარსკვლავი იყო. ეს სიკაშკაშე იმდენად დაიჯერა, რომ მზესაც კი გაეჯიბრა.
გახარიას პოლიტიკაში დარჩენა თუ უნდა, მან ბევრი რაღაც უნდა გაიაზროს და გადაიაზროს. მან სერიოზული შეცდომა დაუშვა 20 ივნისის ღამეს, როცა პრევენციის მიზნით კატეგორიულად არ მოითხოვა პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენება. შეგახსენებთ, რომ იმ საღამოს აქციის მონაწილეები მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდნენ.
ვერ გამოვდგები გახარიას დამცველად, მაგრამ `ოცნების~ ნეოკომკავშირლების და ოპოზიციის გარიგების შედეგად შს მინისტრად სხვახარიას დანიშვნა ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლო არ იქნება. ასე თუ უნდათ, მაშინ ღიად გარიგდნენ და კოალიციური მთავრობა შექმნან.
მოსახლეობის ზურგს უკან ვირეშმაკობა და ფარად ახალგაზრდების აფარება არის არასწორი.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა აგრძელებს გამოძიებას აქციაზე სამართალდამცველთა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: ეს ბოლო აკორდია ხიხოს სამარცხვინო კაკაფონიაში