პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას აქციაზე სამართალდამცველთა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე

გამოძიება დეტალურად სწავლობს ცალკეულ ეპიზოდებს, სადაც იკვეთება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ნიშნები, – ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. მოცემული ეტაპისთვის გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 170-მდე პირი, მათ შორის არიან როგორც დაშავებული მოქალაქეები, ისე ადგილზე მყოფი ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები.

„თბილისში მდებარე 15 საავადმყოფოდან, სადაც დაშავებული მოქალაქეები, ჟურნალისტები და სამართალდამცავები იყვნენ მოთავსებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სრულად იქნა ამოღებული სამედიცინო ისტორიები, აგრეთვე პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები და სხვა ნივთები. უკვე დანიშნულია და მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

სხვადასხვა ტელეკომპანიიდან და მასმედიის სხვა საშულებებიდან გამოთხოვილ იქნა პარლამენტის სასახლის წინ მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეო-აუდიო და ფოტომასალა, რომელთა საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულს ფაილს აჭარბებს. აღნიშნული მასალის შესწავლა და ანალიზი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყება დეტალურად აღრიცხავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც მოქმედებდნენ საპოლიციო დანაყოფები, მოპოვებულია კერძო და საჯარო დაწესებულებებში განთავსებული გარე სათვალთვალო კამერების მიერ აღბეჭდილი ვიდეომასალა.

გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 20-21 ივნისს განხორციელებული საპოლიციო ოპერაციის შესახებ სრული ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით.

საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს გენერალური პროკურატურა უკვე მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. ამ მიზნით, მათ უკვე ეთხოვათ, საგამოძიებო უწყებას წარუდგინონ მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.

გამოძიება დეტალურად სწავლობს ცალკეულ ეპიზოდებს, სადაც იკვეთება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ნიშნები. საქმეზე ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ეტაპზე, 10-მდე სამართალდამცველს, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება. მათ შორის გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ყაყიჩაშვილს დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება.

banner
წინა სტატიაში20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიათალაკვაძის, კალაძის და კობახიძის ფრთა ოპოზიციას გახარიას წინააღმდეგ გაურიგდა