თალაკვაძე: ეს ოპოზიცია, ვინც პრეზიდენტის დისკრედიტაციას ეწეოდა, ბევრჯერ დაუბრუნდა პრეზიდენტს სხვადასხვა თხოვნით და ჩართულობის მოთხოვნით

დღეს უკვე აშკარად ჩანს საქართველოს პრეზიდენტის როლი, მისი დამოკიდებულება პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესების მიმართ, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ეს იყო ზუსტად ის ოპოზიცია და ოპოზიციის მიერ მართული მედიის ნაწილი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა საქართველოს მომავალი პრეზიდენტის დისკრედიტაციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც ის არჩეულია, ყველა ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილი ზეპარტიული დღის წესრიგით მოქმედებს და მისი, როგორც პრეზიდენტის ფუნქცია და მისი მოვალეობები აბსოლუტურად არის მიმართული ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად. ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ არ აღიარებს პრეზიდენტს, მაგრამ არჩევნებიდან ორ-სამ თვეში უკვე პრეზიდენტს მიმართავდნენ სხვდასხვა თხოვნით. მას შემდეგ ბევრჯერ ვნახეთ, რომ ზუსტად ეს ოპოზიცია, ვინც პრეზიდენტის დისკრედიტაციას ეწეოდა, ბევრჯერ დაუბრუნდა პრეზიდენტს სხვადასხვა თხოვნით და ჩართულობის მოთხოვნით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს პოლიტიკური პროცესის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება. ჩვენ მასთან ხშირად გვაქვს სამუშაო შეხვედრები და მოხარული ვარ, რომ დღესაც მისი ინიციატივით გვექნება საშუალება, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განვიხილოთ. თუ რაზე იქნება საუბარი და რა იქნება ჩვენი პოზიციები, ამას შეხვედრის შემდეგ გეტყვით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება შარლ მიშელის შეთანხმებას, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებამ“ შეთანხმების ყველა პუნქტი პირნათლად შეასრულა.

„ამ შემთხვევაში დასაბრუნებელი არაფერი გვაქვს. „ქართული ოცნება“ მიშელის შეთანხმებას თანმიმდევრულად ასრულებდა მთელი ამ თვეების განმავლობაში. ყველა პუნქტი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, პირნათლად გახლავთ შესრულებული. ბოლო სხდომებზე „ქართული ოცნება“ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს პრაქტიკულად ცალმხრივ რეჟიმში ახორციელებდა. შესაბამისად, ვინც უნდა დაუბრუნდეს, შეაფასოს თავისი წინა მოქმედებები, თავისი გადაწყვეტილებები და ის უპასუხისმგებლობა, რაც გამოიჩინეს, ეს რადიკალური ოპოზიციაა, რომელსაც ჩვენ არჩევნებში დავამარცხებთ. არჩევნებიდან მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში ისინი ეცდებიან, კვლავ ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიას. თუმცა, ერთი თვის შემდეგ გარწმუნებთ, რომ ქვეყანა დაუბრუნდება და გადავა მშვიდი განვითარების ეტაპზე. ჩვენს ენერგიას მივმართავთ იმ საჭიროებებისკენ, რაც ხალხს აწუხებს, იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც დგას კვლავ ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში, პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე სამუშაოდ დ ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. რა თქმა უნდა რადიკალური დღის წესრიგი ქვეყანაში ვერასდროს გაიმარჯვებს და სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ ის პოლიტიკური პარტია, ვინც სტაბილურ, მშვიდ და განვითარებად მომავალზე აიღებს პასუხისმგებლობას საზოგადოებასთან ერთად“, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები გიორგი ხოჯევანიშვილი და ნათია მეზვრიშვილი იქნებია
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: 2030 წლამდე გაგრძელდება დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა, ასევე, არასრულწლოვანთა საქმეების სპეციალიზებული დანაყოფი