ვახტანგ გომელაური: 2030 წლამდე გაგრძელდება დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა, ასევე, არასრულწლოვანთა საქმეების სპეციალიზებული დანაყოფი

“შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების
განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა”, – აღნიშნულის შესახებ შინაგან
საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროში უწყების 10-წლიანი
სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების
განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა. სამინისტროში შეიქმნა ადამიანის
უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი,
რომელიც ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის
ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის), არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის
ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების
მონიტორინგს ახორციელებს. სამინისტრო მომდევნო 10 წლის განმავლობაში
უზრუნველყოფს გამოძიების ხარისხის ეტაპობრივ ამაღლებას.
2020 წელს შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო.
სპეციალიზებული დანაყოფი აღჭურვილია ყველა იმ ინფრასტრუქტურული და
ადამიანური რესურსით, რაც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების
განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას და
მეორე მხრივ, მათი ჩართულობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის
ამაღლებას. დედაქალაქის გარდა, მსგავსი დანაყოფები შეიქმნება მთელი ქვეყნის
მასშტაბით.
ამასთანავე, 2030 წლამდე, კვლავაც გაგრძელდება ქვეყნის დიდი ქალაქების
პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა.
გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობის თითოეულ ფაქტზე სწრაფი და ქმედითი
რეაგირების უზრუნველსაყოფად, 2024 წლისთვის სრულად განხორციელდება
სქესობრივ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია და მათთვის მუდმივად
კვალიფიკაციის ამაღლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან
ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა,
ასევე, მათი დაცვა ხელახალი და გამეორებითი ვიქტიმიზაციისაგან. სწორედ ამ
პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2024 წლისთვის იგეგმება მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ეტაპობრივად გაძლიერება და
საქართველოს მასშტაბით გაფართოება.
სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის
მიზნით, შემუშავებულია სქესობრივი დანაშაულის პრევენციული მონიტორინგის
პლატფორმა, რაც საშუალებას მოგვცემს, განხორციელდეს „სქესობრივი
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის
შესახებ“ კანონი, რომლის თანახმადაც მოხდება მსჯავრდებული და
უფლებაჩამორთმეული პირის პირადი საქმის წარმოება, ასევე, სკოლებისა და
ორდერების მონიტორინგი”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე: ეს ოპოზიცია, ვინც პრეზიდენტის დისკრედიტაციას ეწეოდა, ბევრჯერ დაუბრუნდა პრეზიდენტს სხვადასხვა თხოვნით და ჩართულობის მოთხოვნით
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრები უახლოეს ხანში გაიხსნება გურიის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, მნიშვნელოვანი რეფორმები გრძელდება მომსახურების სააგენტოში