თაკო ჩარკვიანი საპროტესტო აქციებს გეგმავს

პოლიტიკური პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ არჩევნებამდე საპროტესტო აქციებს გეგმავს.

როგორც ჩარკვიანმა განმარტა, ასეთი გადაწყვეტილება პარტიამ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების ფონზე მიიღო.

მისი განცხადებით, ნათლად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ამომრჩევლებისთვის ხმის უფლების წართმევას ცდილობს, რასაც „კანონი და სამართალი“ არ დაუშვებს.

„ვინაიდან ამის საშიშროება შეიქმნა, ვფიქრობთ, ხმები უნდა დავიცვათ არჩევნების შემდეგ კი არა, ახლავე, ეს ყველაფერი წინასწარ უნდა მოხდეს. დავაანონსეთ და ახლა უბრალოდ რაღაც ორგანიზება ხდება, ზუგდიდშიც და საქართველოშიც ჩვენ დავიცავთ ხმებს. თუ დაგვჭირდება კარვებში დავსხდებით. 21-ე საუკუნეა და უბრალოდ უხერხულია. ვხედავთ, რომ ასეთი არადემოკრატიულობით ხდება ქართლი სახელმწიფოებრიობის დაშლა და მისი გადაბარება რუსეთისთვის. ამას უბრალოდ არ დავუშვებთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანმა ასევე კომენტარი გააკეთა მედიაში დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ვიდეომასალაში „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია მეორე პირს უხსნის წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან“.

თაკო ჩარკვიანის თქმით, პარტიამ უკვე მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით. ჩარკვიანი ვიდეომასალის ავთენტურობის დადგენასა და მისი ნამდვილობის შემთხვევაში, ჩანაწერში ფიგურანტი პირის პასუხისმგებლობის საკითხის ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიფოთში კოღოების შეწამვლის სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიარულოვსზე განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე, გელა კვარაცხელია დაკავებულია