თაკო ჩარკვიანი : იმაზე მეტი შეცდომა არ დაუშვია „ნაციონალურ მოძრაობას“, ვიდრე თბილისი გადავწვით 90-იან წლებში

იმაზე მეტი შეცდომა არ დაუშვია „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელის წევრი მე არ ვარ, ვიდრე თბილისი გადავწვით 90-იან წლებში, მაგრამ დღეს აქ ვართ, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე ფილარმონიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე წინა ხელისუფლების შეცდომების გაანალიზების შედეგია.

„ქრისტიანობა ჩემთვის უპირველესად არის შენანიება. სხვისი ცოდვების შენანიება კი არა, არამედ საკუთარის გააზრება და გაანალიზება. ვფიქრობ, სწორედ გაანალიზება და გააზრება იყო იმ უზადო აღმშენებლობის დროს, როდესაც სათავეში იყო წინა ხელისუფლება. მე ვგულისხმობ სახელმწიფო ინსტიტუციებს და ამაზე კამათსაც ვერ ბედავს ვერავინ, მაგრამ ცხადია, შეცდომებიც იყო და სწორედ იმ შეცდომების გაანალიზების შედეგი გახლავთ დღევანდელი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

ეს გახლავთ უმაღლესი რანგის დიპლომატი, თაობების პატივისმცემელი, უხუცესთა პატივისმცემელი, კულტურისა და ნიჭის პატივისმცემელი, რადგან ეს არის ის შემთხვევა, სადაც შრომისა და ნიჭის ფასი ერთად იციან ოჯახში“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ოპოზიციაში მისი ყოფნის პერიოდში, სახელმწიფო ინსტიტუციების თვალსაზრისით დიდი აღმშენებლობა მიმდინარეობდა. მისი თქმით, ამას ოპოზიციაში მყოფი ადამიანებიც ხედავდნენ, მაგრამ წუხდნენ იმ ახალგაზრდა გუნდის გამო, რომელიც ქვეყანას მართავდა.

„გვაწუხებდა ახალგაზრდა გუნდი, რომელიც ოკუპანტთან აბსოლუტურად სწორი ბრძოლის დროს, ხდება ხოლმე, ცოტა გაერთო. სადღაც იცის ხოლმე გაქცევა, ძალოვანებმა იცის გაქცევა, ეს არაერთ ქვეყანას მოსვლია, მაგრამ ამაზე სასაუბროდ ჩვენ არ მოვსულვართ, რადგან იმაზე მეტი შეცდომა არ დაუშვია „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის წევრი მე არ ვარ, ვიდრე თბილისი გადავწვით 90-იან წლებში, მაგრამ დღეს აქ ვართ. შევრიგდით, გავაანალიზეთ, რომ ის შეცდომა მავანის ბრალი იყო, რომელიც დღეს გორთან დგას და ჩვენი ტერიტორიები აქვს წაღებული“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს ბლაგვი საგნით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს
შემდეგი სტატიამიწისძვრა ინდონეზიაში, ცუნამისგან ასობით ადამიანი დაიღუპა (ფოტო)