თადუმაძე დაზარალებულის სტატუსზე: 67 პოლიციელი და 4 მოქალაქე ჩემთვის არაფერს ამბობს

უზენაესი სასამარლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ, პარლამენტში მოსმენისას 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე კითხვებს უპასუხა.

კანდიდატის განმარტებით, მოქალაქეების იდენტიფიცირება უფრო მალე ხდება, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც აქციაზე სპეციალური აღჭურვილობით იმყოფებოდნენ. თადუმაძის თქმით, დაზარალებულის სტატუსი ბრალდებულის მოქმედებიდან გამომდინარეობს და “ის შემთხვევები, სადაც მოხდა იდენტიფიცირება, ის ადამიანები ბრალდებულად არიან ცნობილი. და ყველა ის შემთხვევა, სადაც ამ პირების მიერ განხორციელებული ქმედების დაზარალებული გამოიკვეთა, ყველა ეს პირი დაზარალებულად არის ცნობილი.”

“ის, რომ 67 პოლიციელია და ოთხი მოქალაქე, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არაფერს ამბობს, რადგან დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არაა, არის მტკიცებულებით. მტკიცებულება სტანდარტით არის, როდესაც ეს სტანდარტი იქნება, მაშინ იქნებ დაზარალებულებიც და ბრალდებულებიც”-თქვა შალვა თადუმაძე.

გენერალური პროკურორის თქმით, ესმის, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა, თუმცა “სახელმწიფო არ არის დანაშაულის ჩამდენი პროკურატურისთვის. მაგრამ ვინ ჩაიდინა კონკრეტულად დანაშაული და რა დანაშაული ეს არის გამოძიების საკითხი”.

ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 7 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. კერძოდ, დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნეს. მოქალაქეებს შორის არ აღმოჩნდა მაკო გომური. მან 20 გავრილოვის ღამეს აქციის ძალადობრივად დაშლისას თვალი დაკარგა.

banner
წინა სტატიაშიიმედია, ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილე გააცნობიერებს გადაადგილების უზრუნველყოფის მნიშვნელობას და ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი გადასასვლელი გაიხსნება
შემდეგი სტატიათადუმაძე 1994 წელს დაარსებულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩაბარებაზე: ექსტერნად დავასრულე